„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია“ – ეს მიმართვა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა გაავრცელა. ამით ის 27 იანვარს კალიფორნიის შტატის მოსამართლის ვირჯიანია ფილიპსის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, NETFLIX-ის შუამდგომლობა მოჭადრაკის მიერ დაწყებულ დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
„ზოგადად ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის“, – განაცხადა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა.
საუბარია სერიალ „ლაზიერის გამბიტზე“, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
უფრო კონკრეტულად, სერიალში კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილზე ამბობს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონ ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია. რეალურად კი ნონა გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა ათეულობით მოჭადრაკე კაცთან. მოჭადრაკემ Netflix-ს 2021 წლის სექტემბერში უჩივლა. ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველების შეფასებით, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა.
„ამ დავაში ერთმანეთს შეეჯახა ორი ძალიან დიდი, წონიანი უფლება. ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ პატივისა და ღირსების უფლება, საქმიანი რეპუტაციის უფლება. როგორც წესი, არა მარტო ამერიკულ პრეცედენტულ სამართალში, ზოგადად, პრეცედენტულ სამართალში, ზოგადად, პრეცედენტულ სამართალში, კონტინენტურ სამართალშიც და ევროპულ სამართალშიც. როდესაც ეს ორი უფლება ერთმანეთს ეჯახება, სასამართლო შემოდის და მოსამართლის გადასაწყვეტია, რომელი უფლება სარგებლობს, კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის უპირატესი ინტერესი რომელი უფლების არის“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველმა რუსუდან მაისურაძემ.
„ქალბატონი ნონა მრავალი თაობის ინსპირაცია იყო, ჭადრაკში, სპორტში, ცხოვრებაში… და კიდევ ერთი მაგალითი შექმნა მან უკვე სამართალში. ამერიკულ სამართალში, მათ შორის. მან კიდევ ერთი გამარჯვებული პარტია, ასე ვთქვათ, შექმნა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს „ქეისი“ სამართლებრივად იქნება პრეცედენტი მსგავსი და ანალოგიურ საქმეებში, ვინაიდან ეს განსაკუთრებით სპეციფიკური საქმეა, განსაკუთრებული „ქეისია“ სამართლებრივად“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველმა კახა შარაბიძემ.
Netflix-ი საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ სერიალში გამოყენებული სადაო ფრაზა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. ნონა გაფრინდაშვილი კი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა და დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს მოიგებს.
ანა ალელიშვილი