მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარი კვლავ მრავალრიცხოვანია. შესაბამისად, თეთრი სახლი რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება.

პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ვითარება მუდმივად იცვლება და ომის დაწყება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ომს უზარმაზარი გავლენა ექნება მთელ მსოფლიოზე. თუ პუტინი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე დიდი თავდასხმა იქნება. ეს მსოფლიოს შეცვლის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უკრაინაში შექმნილი საფრთხის გამო 8,500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში შევიდნენ. სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკონელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან დაკავშირებით სათანადო ზომები მანამდე უნდა მიიღოს, სანამ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება.

„ჩემი რჩევაა, რომ პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს დამატებითი ჯარები ახლა გავგზავნოთ და არა უკრაინაში შესაძლო შეჭრის შემდეგ”, – განაცხადა სენატის რესპუბლიკელი ლიდერმა მიჩ მაკონელმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უკრაინაში ამერიკული ან ნატოს ძალების განთავსებას არ გეგმავს და ამტკიცებს, რომ ჯარების მობილიზების მიზანი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend