ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. უნგრეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.
გერმანია ადრე სკეპტიკურად იყო განწყობილი, როდესაც საქმე რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციებს ეხებოდა.
გერმანიის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული მდგომრეობაა. სავარაუდოდ, როდესაც რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეწყდება, ფინანსურად ყველაზე მეტად გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი დაზარალდება.
პოლონეთის საზღვართან ახლოს, აღმოსავლეთ გერმანიაში, პატარა ქალაქ შვედტში ქარხნის მუშები შეშფოთებას გამოხატავენ.
გადამამუშავებელი ქარხანა რუსული ნავთობის გიგანტს „როსნეფტს“ ეკუთვნის. ნავთობი, რომელიც დიზელად, ბენზინად და თვითმფრინავის საწვავად გადამუშავდება, მილსადენით პირდაპირ რუსეთიდან მოდის.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი ქარხნის თანამშრომლებს ეწვია. მას სურდა, შეშინებული მუშებისთვის აეხსნა, რომ გერმანიის ეკონომიკა არ არის დამოკიდებული რუსეთზე.
მაგრამ ზოგიერთის დარწმუნება რთული აღმოჩნდა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ნავთობის გადაზიდვა გერმანიის ნავსადგურებში სხვა წყაროებიდანაც არის შესაძლებელი.
საქმე მხოლოდ შვედტის ქარხანაში სამუშაო ადგილების დაკარგვას არ ეხება. ეს გადამამუშავებელი ქარხანა მთელ რეგიონს, ბერლინის ჩათვლით, ბენზინითა და დიზელით უზრუნველყოფს. ბერლინის აეროპორტიც კი შვედტის ნავთობზეა დამოკიდებული.
გერმანია დასთანხმდა სანქციებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ. მეტიც, მათ თავად მოითხოვეს ამ სანქციების დაწესება. შესაძლოა, ზოგადად ქვეყანაზე ნაკლებად აისახოს ეს შედეგები, თუმცა სხვადასხვა რეგიონში უფრო შესამჩნევი იქნება. სანქციების დაწესებას უარყოფითი გავლენა აღმოსავლეთ ნაწილში უფრო ექნება, ვიდრე დასავლეთში.