უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციის ფონზე, პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის 100 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი.
მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებენ, ამავე დროს კი ნატოს მეთაურებისგან მოითხოვენ გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ გახდება.
“ჩვენი საერთო მიზანია საფრთხე თავიდან ავიცილოთ, რუსეთისგან მომავალი საფრთხე. ევროპა რუსული აგრესიული პოლიტიკისგან უნდა დავიცვათ. უკრაინა, პოლონეთი და ლიეტუვა ამ საფრთხის წინაშე პირველ რიგში დგანან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტი ანდრჟეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვოლოდიმირ ზელენსკის ჩრდილოეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ჰუტაში შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, სამი სახელმწიფოს ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვისათვის სანქციების დაწესებას მოითხოვს, რათა რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.