მთავარისაქართველოევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს - Financial Times

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს – Financial Times

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

„საქართველომ, ევროკავშირში გაწევრების კანდიდატმა ქვეყანამ, უგულებელყო ბრიუსელის გაფრთხილება და ქვეყანაში თვეზე ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები და მიიღო კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსია“, – წერს Financial Times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესებაზე ისაუბრებენ. ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც შეხვედრაზე ამ საკითხის განხილვას მოითხოვენ.

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესება განიხილება ვაშინგტონშიც და ევროკავშირი, სავარაუდოდ, ვაშინგტონზე ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს, რადგან სანქციები არა მხოლოდ მთავრობას, არამედ მოქალაქეებსაც შეეხება, რომელთა ნაწილიც რამდენიმე კვირაა ევროკავშირის დროშებით ხელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს აფრთხილებდნენ, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

Financial Times წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების თქმით, ევროპის სახელმწიფოები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend