ევროკავშირი ბელორუსის ხელისუფლებისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
ორი დღის წინ ბელორუსის ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომელიც ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავებით დასრულდა, საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება გამოიწვია.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ბელორუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეისების შესრულება აეკრძალათ.
ასევე ბელორუსის მიმართულებით ფრენა შეაჩერა ევროპული ავიაკომპანიების ნაწილმა.
ბელორუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა მიიჩნია, რომ ეს იყო სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება, რადგან ბელორუსის ხელისუფლებას ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავება სურდა.
ბრიუსელის მიერ ბელორუსის მიმართ დაწესებული სანქციები გულისხმობს ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვასაც. ამიტომ კერძო ავიახაზები ცდილობენ, თავი აარიდონ ბელორუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას.
ბელორუსის ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს მიესალმება, ქვეყნიდან გაქცეული ბელორუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთხმად მიესალმებიან.
,,დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან ასეთი დიდი ყურადღება და ლუკაშენკოს რეჟიმის პოლიტიკური იზოლაცია თუ სანქციები და ასევე სხვადასხვა სახის კონფერენციის ორგანიზება ბელორუსში არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ნამდვილად მიგვიყვანს იმის გააზრებამდე, რომ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს’’, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.
დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის შესახებ მოკლე ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც იგი აღიარებს თავის დანაშაულს ბელორუსის ხელისუფლების მიერ წარდგენილ ბრალდებებში.
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელდა განცხადება, რომ აუცილებელია ამ ფაქტის შესახებ გამოძიების ჩატარება და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამ საკითხის განსახილველად საგანგებო სხდომის მოწვევა.