მთავარიმსოფლიოაშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებენ

აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო შეფასებები.

პუტინის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალევე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ჩაინიშნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე უკრაინაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას სანქციების დაწესების შესახებ. სანქციები რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მოჰყვა. განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დაწესებული სანქციებით იკრძალება აშშ-ის წარმომადგენლების ფინანსური საქმიანობა და ინვესტიციები უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანა ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებად“ აღიარებას გმობს და განმარტავს,  რომ 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომლის წევრიც არის რუსეთი, დაადასტურა სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისივე თქმით, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად დაარღვია მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ რუსეთის მიერ აღიარებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. მისი თქმით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა.

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს იაპონიაც. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხდა, იგი გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების ავტონომიასთან დაკავშირებით.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი რუსეთის მიერ უკრიანის რეგიონების რესპუბლიკებად აღიარებას აგრესიად აფასებს და სანქციების დასაწესებლად ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები არ იშურებენ ძალისხმევას, რომ რუსეთი დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზას.

საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვასა და ევროკავშირის სანქციების დაწესებას ითხოვს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, კანადა ემზადება რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად.

თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და რომ რუსეთი არღვევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას“.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და  ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები გააფორმოს.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend