უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გრძელდება, რუსული არმიის კონცენტრაციის ფონზე კი რიგი სახელმწიფოების მეთაურებმა საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეო მასალა გაავრცელეს, სადაც ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის ფარგლებში 200 ტონა შეიარაღების კიევის საერთაშორისო აეროპორტში ჩატანაა ასახული.
უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს დიდი ბრიტანეთიც, ლონდონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მსუბუქი ტიპის ანტი სატანკო შეიარაღება გადასცა.
ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდებით კიევის სამხედრო შესაძლებლობების ზრდაზე ზრუნავენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიც. ესტონეთის პრემიერ – მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ დასავლეთისათვის წაყენებული მოთხოვნების სია აღმაშფოთებელია და ევროპის ამჟამინდელი უსაფრთხოების სტრუქტურას ეწინააღმდეგება.
”შეშფოთებულნი ვართ, ამ ეტაპისთვის ჩვენს სახელმწიფოს მოსკოვის მხრიდან სამხედრო საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვხედავთ, რომ მოსკოვი უფრო და უფრო აგრესიულად იქცევა. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გააგრძელებს ამგვარი საგარეო პოლიტიკის გატარებას, ევროპის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგება”, – აცხადებს ესტონეთის პრემიერ – მინისტრი კაია კალასი.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ კრიზისი ომში არ გადაიზრდება.
”მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ მუქარაა. რუსებმა შესაძლოა გადაიფიქრონ, განსაკუთრებით პუტინმა, ვინ იცის, შესაძლოა მან აზრი შეიცვალა. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. სხვათაშორის საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 100 წელიწადი შესრულდა, მისთვის კი ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მჯერა, რომ დასავლეთი ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო მყარად დადგება და დაგვეხმარება, მაგრამ ვცდილობთ დასავლეთის დახმარებაზე დამოკიდებულნი არ ვიყოთ, ჩვენც ვემზადებით”, – თქვა უკრაინის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ვადიმ პრისტაიკომ.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კი ბელარუსში გაგზავნილი სამხედრო საჰაერო მოიერიშეების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან თავმოყრილი 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ფონზე, კრემლმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარების მიზნით ჯარები უკრაინის ჩრდილოეთ მეზობლის ტერიტორიაზეც გადაისროლა.
დედაქალაქი კიევი ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 75 კილომეტრშია, სამხედრო მანევრები კი თებერვალში დაიწყება.
რუსეთის ფედერაცია ნატოსგან მოითხოვს წერილობით გარანტიებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებიან, ასევე ნატოს ჯარებმა 1997 წლის პოზიციებზე უნდა დაიხიონ.
დასავლეთში აცხადებენ, რომ წერილობით პასუხს მოსკოვში ამ კვირას მიიღებენ, მოსკოვის მოთხოვნები კი მიუღებელია.