მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში შექმნილი საფრთხის გამო, 8,500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია

უკრაინაში შექმნილი საფრთხის გამო, 8,500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია

უკრაინაში შექმნილი საფრთხის გამო, 8,500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში შევიდნენ. პენტაგონის განცხადებით, ეს არის პრევენციული ნაბიჯი და მისი არგადადგმა, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უპასუხისმგებლო ქმედება იქნებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ევროპელ კოლეგებთან 80-წუთიანი საუბარი ჰქონდა, მათ სამომავლო სტრატეგია დაგეგმეს და რუსეთის პოტენციურ შეჭრაზე რეაგირების ვარიანტები განიხილეს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი შეხვედრა გვქონდა. ევროპელი ლიდერები ერთსულოვანნი არიან. უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამერიკულმა სამხედრო ავიამზიდმა “ჰარი ტრუმანმა” ხმელთაშუა ზღვაში პატრულირება დაიწყო. ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული ავიამზიდი ნატოს მეთაურობის ქვეშ მოექცა.

რუსეთის ელჩმა ირლანდიაში ალიანსი დაძაბულობის გაზრდაში დაადანაშაულა.

„ისინი არარსებული რუსული აგრესიის ძიებაში ხარჯავენ დროს, ამის ნაცვლად ევროპისთვის უმჯობესია, გონივრულად უპასუხოს რუსეთის შეთავაზებას ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, – ამბობს რუსეთის ელჩი ირლანდიაში იური ფილატოვი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ თავის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანას გაზი ჩვეულებრივ მიეწოდება, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარ მიშელს ესაუბრა. მან ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ერთიანობა შეინარჩუნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend