ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი თავმჯდომარისა და წევრების მოლოდინშია. პროცესი ახლა საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა უნდა წარმართოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედი კომისიის წინაშე კანდიდატების უმრავლესობამ გასაუბრება უკვე გაიარა. თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ორ-ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. მმართველი პარტიის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი პარლამენტს სიას გადაუგზავნის, ორი კვირის ვადაში იურიდიული კომიტეტი კანდიდატების საკითხს განიხილავს.
“სულ ორი მიმართულებით უნდა წარმოგვიდგინოს პრეზიდენტმა ორ-ორი კანდიდატი – ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღებთ კანდიდატთა სიას, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი ნორი კვირის ვადაში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას გავიტანოთ თუ არა საკითხი კენჭისყრაზე. ჩვენი გუნდის პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული წინასწარ არ არის. გადაწყვეტილებას მოცემულობის შესაბამისად მივიღებთ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი გაცხადებულად აღნიშნავს, რომ არც ერთ კანდიდატს, რომელსაც პრეზიდენტის წარდგენის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ოპოზიციის ნდობა არ ექნება. ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები, პროცესის ბუნდოვანებას და მმართველი გუნდის ინტერესებს ასახელებენ.
„ცხადია „ლელო“-ს გუნდი წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან უკვე ვხედავთ, რომ არასამთავრობო სექტორიც კი ფორმალურ გასაუბრებებს ბოიკოტს და უნდობლობას უცხადებს. მმართველმა გუნდმა ამ პროცესს აზრი და შინაარსი გამოაცალა“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა პარტია „ლელო“-დან სალომე სამადაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და წევრები პარლამენტმა 6 თვის ვადით აირჩია. 2021 წლის ორი აგვისტოს პარლამენტის სხდომაზე მათი სრული ვადით არჩევას მხარი მმართველმა პარტიამ დაუჭირა. გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ კი არა. კრიტიკა ისმოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. სამოქალაქო სექტორი ამჟამად, სრულად გამოეთიშა პროცესს და ახალი კანდიდატების გასაუბრებაშიც არ მიუღია მონაწილეობა. სავარაუდოდ, ცესკოს ახალი თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა, ისევ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს.
ალეკო გვეტაძე