მთავარისაქართველომთავრობის გეგმები

მთავრობის გეგმები

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს

ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა, გაფიცული სოციალური მუშაკები  და ომიკრონი – ეს ის თემებია, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთაც 150 ათასი ან ნაკლები ქულა აქვთ მინიჭებული, მთელი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიას.

განკარგულებას, რომელიც, როგორც მთავრობის წევრები ამბობენ, საქართველოში მედიკამენტებს ძალიან სწრაფად გააიაფებს, დღეს მოეწერა ხელი, რის შედეგადაც ქვეყანაში თურქეთის ბაზარი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გზით ქვეყანაში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები შემოვა.

“ჩვენი გათვლებით და მოლოდინით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლისა და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული თურქეთისა და ყველა სხვა იმპორტიორი ქვეყნიდან წამლის ხარისხისა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებისა და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული”, –  ამბობს ზურაბ აზარაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანაც იგეგმება. ამის შესასრულებლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლების თანამონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და, მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც  აუცილებელია. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, მინისტრი აზარაშვილიც იმუშავებს ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში მეექვსე ტალღის პიკს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან. საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ რეგულაციების გამკაცრება და მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭების საკითხის გადახედვა ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.

„დელტა“ შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი შემთხვევა გვქონდა – საშუალოდ 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. დღევანდელი სტატისტიკით, აშშ-ისა და ევროპის მაგალითზე, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 4% შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სრულად ვმართავთ და რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ“, – ამბობს ზურაბ აზარაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

„ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, საკმაოდ ადეკვატურია“, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში სოციალური აგენტებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება ადეკვატურია. სოციალურმა აგენტებმა კი, რომლებიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, მინისტრის ეს განცხადება „არაადეკვატურად“ შეაფასეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend