მთავარისაქართველო30 წლის წინ 15 სახელმწიფოს იძულებითი კავშირი გაწყდა - სსრკ დაიშალა

30 წლის წინ 15 სახელმწიფოს იძულებითი კავშირი გაწყდა – სსრკ დაიშალა

30 წელი საბჭოთა იმპერიის გარეშე… 1991 წლის 26 დეკემბერს, არსებობის 70 წლისთავზე, საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი გაწყდა. საბჭოთა იმპერიაში შემავალმა 14-მა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. წლების შემდეგ, ამ მოვლენას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს, და რუსეთი დღემდე ცდილობს გავლენების მოპოვებას პოსტ საბჭოთა სივრცეში. რა კვალი დატოვა საბჭოთა კავშირმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? – რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ისინი და განსაკუთრებით კი საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სამი ათეული წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები კვლავ ფიქრობენ საბჭოთა წარსულზე. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს კავშირი ნოსტალგიურ გრძნობებს იწვევს. არიან, თუმცა ცოტანი.

თბილისის ცენტრში არის ადგილი – სადაც წარსული ცოცხლდება. აქ ძველ ნივთებს ყიდიან… ისინი ნამდვილად გვახსენებენ 70-წლიან იმპერიას. სტალინის ბიუსტს, საბჭოთა პასპორტსა და სამხედრო ორდენებს მყიდველი ყოველთვის გამოუჩნდება – ვიღაცისთვის ეს არის ეგზოტიკა, მოდური და საინტერესო, ვიღაცისთვის უბედურების სიმბოლოები, რომელიც იმედია არასოდეს განმეორდება, ვიღაცისთვის კი ლაღი, ახალგაზრდული წლები, როცა ძეხვი და სოსისი სამყოფად იყო, და ზოგჯერ კურორტებზე საგზურებსაც იძლეოდნენ.

„არაფერი არ იყო, ეკონომიკა არ იყო. თუ რამე გინდოდა მოსკოვში უნდა ჩასულიყავი და აუცილებლად იქიდან ჩამოგეტანა. მაგრამ ხალხს ბევრს აქვს ნოსტალგია, სტაბილურობის გამო.

სოციალურად დაცულები ვიყავით. ყველაფერი იყო – საგზურები, ხელფასი, სამსახური“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც „ევრონიუს ჯორჯიამ“ თბილისის ქუჩებში გამოკითხა.

თბილისის ქუჩები, ალაგ-ალაგ ჯერ ისევ ვხვდებით საბჭოთა გერბის სიმბოლოებს – ნამგალსა და უროს. მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს მხოლოდ ინტერესის საგანია, მათ ნამდვილად არ ხიბლავთ არც ეს სიმბოლოები და არც ის, რაც საბჭოთა დროზე იციან.

„უმთავრესი, რასაც საბჭოთა კავშირი გვაგონებს, ეს არის ტერორისტული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელშიც ადამიანს თავისუფალი პოლიტიკური ნება და თავისუფალი არსებობა არის გამორიცხული და არამხოლოდ გამორიცხული, არამედ აკრძალული.

დღევანდელ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის წყობილება, ის დამოკიდებულები და ხედვები, რაც ახალგაზრდების ცხოვრებაზეც მოქმედებს და ძალიან სამწუხაროა“ – ამბობენ ახალგაზრდები, რომლებიც „ევრონიუს ჯორჯიამ“ თბილისის ქუჩებში გამოკითხა.

1991 წლის დეკემბერში დადასტურდა რომ 1922 წელს შექმნილი, 15 სახელმწიფოს იძულებითი ერთობა სინამდვილეში სულაც არ იყო ერთობა. უკვე ჩამოშლილმა იმპერიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 30 წელია რუსეთის ფედერაცია ცდილობს კვლავ შეინარჩუნოს კონტროლი პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე, რომელთაც საკუთარი გავლენის სფეროებად მოიხსენიებს.

„ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა. და აი ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ პუტინი და მისი რუსეთი ცდილობენ, რომ გავლენის სფეროებად გამოაცხადონ პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიები. ბალტიას მეტ-ნაკლებად შეეგუვნენ, რადგან მათ მოასწრეს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, მაგრამ თქვენ ხედავთ, როგორი სერიოზული პრობლემებია საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“ – ამბობს ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე.

იმპერიამ მძიმე კვალი დატოვა ხალხზე, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრობდნენ. ეს კვალი ხშირად გაუცნობიერებლად ვლინდება მათ ფიქრებსა და საქციელში.

„კვლავ უცვლელია რუსეთის პოლიტიკური კულტურა იმ დანარჩენ პოსტ საბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომლებიც ეროვნულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. გავიმეორებ ჩემი ერთ-ერთი კოლეგის ნათქვამს – საქართველომ შესაძლოა დატოვა საბჭოთა კავშირი, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ ტოვებს საქართველოს“ – ამბობს ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაისნერი.

მაგრამ თაობამ, რომელიც დასავლეთისკენ იხედება, ძალიან ნათლად გამოთქვა თავისი ნება რეფერენდუმის საშუალებით. ეს თაობა ამბობს, რომ აღარასოდეს დათმობენ თავიანთი ქვეყნისა და პიროვნულ თავისუფლებას.

ნანუკა მეშველაშვილი

მასალაში გამოყენებულია ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტო

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend