მთავარისაქართველოსუს-ის უკონტროლო კონტროლი - ახალი ანგარიში

სუს-ის უკონტროლო კონტროლი – ახალი ანგარიში

კონფერენცია: „ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები“

ხარვეზიანი კანონმდებლობა, არასაკმარისი კონტროლი და არარსებული პოლიტიკური ნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სათანადოდ დარეგულირებისთვის – ასეთი დასკვნა უდევს ახალ ანგარიშს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა. მოკლე ანგარიშში საუბარია 12 სექტემბერს გამოქვეყნებული ფარული მიყურადებისა და მოსმენების ფაქტებზე, რომელმაც სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონა.

2021 წლის 12 სექტემბერს მედიაში სკანდალური ფარული ჩანაწერების გაჟონვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. საზოგადოების აქტიური წევრების – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირების სავარაუდო ფარული მიყურადებისა და მოსმენის ფაქტმა, დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. დაიწყო გამოძიება, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. სუს-ის უკონტროლო კონტროლზე მრავალი შეფასება გაკეთდა. ერთ-ერთი ასეთია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიში, რომელშიც უკანონო მოსმენების მიზნობრიობაზე, კანონმდებლობის ხარვეზებსა და პოლიტიკური ნების არარსებობაზეა საუბარი.

„რაც ვნახეთ და გამოვიკვლიეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მავნე პრობლემურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალურ კონტროლს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება არ ხდება და არც ამჯერად მომხდარა. ვერც პარლამენტმა შეძლო სწორი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ამ ყველაფრის ფონზე რჩება სანდო ეჭვი იმისა,რომ სუსი კვლავ აგრძელებს ამ საშიშ საქმიანობას“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უსმენდნენ და სავარაუდოდ ახლაც ყველას, ვინც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობს. თუმცა, სამოქალაქო სექტორმა ვერ დაადგინა ამ მიყურადებების მიზნობრიობა, რადგან მათი თქმით სუსი – როგორც უწყება სრულად დახურულია და არავისთან თანამშრომლობს. პრეზენტაციაზე საკუთარი შეფასებები გააკეთეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა, რომელთა განცხადებით, დანერგილი პრაქტიკა საზოგადოებრივად საშიში და დამანგრეველია.

“სახელმწიფოს მხრიდან ამ ქმედებებს ორი მთავარი მხარე აქვს. ერთია მორალური. სასულიერო პირისთვის ასეთი მოსმენები კატეგორიულად მიუღებელილა, რადგან ჩვენ ვისმენთ ჩვენი სულიერი შვილების გულის ნადებს, რაც რათქმაუნდა კომფიდენციალურია და დაუშვებელია მესამე მხარის ჩართვა, ღმერთის გარდა. მეორეა სახელმწიფოს მიმართ ნდობა, რასაც ასეთი ქმედებები მნიშნელოვნად აზიანებს. მოქალაქე კარგავს სახელმწიფოს მიმართ ნდობას, რაც შემდეგში მრავალ პრობლემას წარმოშობს. ამიტომ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ მავნე პრაქტიკის მოსპობისა და ნდობის აღდგენისთვის, რაზეც გულწრფელად ვფიქრობ, რომ გაუჭირდება“, – ამბობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

დასკვნის სახით ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში პირადი ცხოვრების გაუმართლებელი ხელყოფის რისკები ახლაც არსებობს და რომ სუსი, დიდი ალბათობით იგივე საქმიანობას აგრძელებს. ამის აღმოსაფხვრელად სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ ძალებს და პარლამენტს მიმართავენ, რომ მოხდეს საკანონმდებლო ხარვეზების გასწორება, პოლიტიკური ნების დაშვება და სახელმწიფო უსაფრთხოების უწყების სათანადო გამჭვირვალობა, თუ რათქმაუნდა ამის პოლიტიკური ნება ნამდვილად არსებობს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend