მთავარისაქართველორას მიიღებს საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან - ექსპერტების მოლოდინები

რას მიიღებს საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან – ექსპერტების მოლოდინები

15 დეკემბერს, პირველად პანდემიის დაწყებიდან, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იქნება წარმოდგენილი, პირისპირ შეხვედრით გაიმართება.

მიიღებს თუ არა დამატებით პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყანა, ეს ჯერ სავარაუდოა. ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ჩავარდნები აქვს ყველა იმ ფუნდამენტურ დაგეგმილ რეფორმასთან მიმართებაში, რაც ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია. ამ საკითხებზე იმსჯელეს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (Grass) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

„ამ სამიტიდან რაიმე ახლის წამოღება საქართველოსთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი, რადგან ამ ქვეყანაში არ გატარდა ის საკვანძო რეფორმები, რაც ევროკავშირთან პარტნიორული თვალსაზრისით პრიორიეტულია. ზოგადად, ამ სამიტზე არ იქნება განხილული ცალკე აღებული ქვეყნები. ეს არის უფრო რეგიონალურ ჭრილში არსებული გამოწვევებისა და თანამშრომლობებისადმი მიძღვნილი შეკრება. თუმცა, ახლო მომავალში ყველა ის სიკეთე, რომელიც საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ შესაძლოა მიიღოს ევროკავშირიდან, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად შეასრულებენ საშინაო დავალებებს ეს ქვეყნები“, – განაცხადა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (Grass) თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ.

უარი სასამართლოს ძირეულ რეფორმაზე დასავლური სტანდარტებით, მართლმსაჯულების რეფორმების ზოგადი ჩავარდნები, ეჭვი პოლიტიკურ ანგარიშსწორებებზე და კითხვები არჩევნების ჩატარების გამჭვირვალობაზე – ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რის გამოც ექსპერტების თქმით, ევროკავშირისგან საქართველო მნიშვნელოვან მხარდაჭერას ამ სამიტიდან არ უნდა ელოდოს.

„უმთავრესი დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საქართველოს რეალობაში გამოჩნდა ბოლო პერიოდში. უამრავი მაგალითის თქმა შემიძლია. იგივე, მართლმსაჯულების რეფორმის არასათანადოდ ჩატარება და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების უგულებელყოფა ამ მიმართულებით. ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევების შემთხვევები და მრავალი სხვა. სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება შიგნით, მანამ არამგონია ევროკავშირისგან რაიმე სერიოზული მხარდაჭერა მივიღოთ, ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო ვიზალიბერალიზაცია. როგორც კი პარტნიორები დაინახავენ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც საჭიროა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებთან შეთანხმების შესაბამისად, მაშინ მივიღებთ უფრო მეტს“, – აცხადებს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელი ივანე ჩხიკვაძე.

ექსპერტების განცხადებით, 15 დეკემბერს ბრიუსელში მხოლოდ ფორმალური შეხვედრები არ იქნება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, რომელთაც ევროკავშირის წევრობის ამბიცია აქვთ, მოუწევთ პასუხები გასცენ კითხვებს, მიიღონ რჩევები და შემდგომ რეალობაში გაიზიარონ ამ რჩევების ასპექტები. წინააღმდეგ შემთხევავში მათი ვარაუდით, შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება, ამით კი წაგებული არა ევროკავშირი, არამედ ჩვენი და დანარჩენი ორი ქვეყანა დარჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend