მთავარიკუბიფეისბუკმა ასობით ყალბი ანგარიში წაშალა - ახალი შიდაგამოძიების შედეგი

ფეისბუკმა ასობით ყალბი ანგარიში წაშალა – ახალი შიდაგამოძიების შედეგი

სოციალური ქსელის კომპანია მეტამ პოლონეთში, ბელარუსში, ჩინეთსა და პალესტინაში ის ოთხი მსხვილი ქსელი წაშალა, რომლებიც დეზინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად ავრცელებდნენ.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ წარადგინა შიდაგამოძიების ანგარიში და განაცხადა, რომ  წაშალა ასობით ქსელი, რომლებიც ონლაინ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ყველაზე მეტი,  524 ანგარიში და გვერდი,  ჩინეთიდან მოქმედებდა.

ეს ანგარიშები პოპულარიზაციას უწევდნენ შვეიცარიელი ბიოლოგის  უილსონ ედვარდსის გვერდს. ბიოლოგი ამტკიცებდა, რომ აშშ ცდილობს, ჩაერიოს გამოძიებაში და აიძულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, არ გამოააშკარაოს  კოვიდ-19-ის წარმოშობის მიზეზები.  უილსონ ედვარდსის კომენტარები გავრცელდა ჩინეთის სახელმწიფო არხებზე. შვეიცარიის საელჩომ განაცხადა, რომ ეს ადამიანი შვეიცარიის სამოქალაქო რეესტრში არ იძებნება და არ არსებობს არც ერთი სამეცნიერო სტატია მისი ავტორობით. ბიოლოგმა ფეისბუკზე დარეგისტრირებიდან 2 კვირაში დაიწყო სტატუსების გამოქვეყნება.  ეს ანგარიში საეჭვოდ სწრაფად გახდა ჩინური სახელმწიფო არხებისთვის სანდო წყარო.  ამასთან, ფოტო, რომელსაც ცრუ მეცნიერი იყენებდა, ფეისბუკის ინფორმაციით,  ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი.

კომპანია მეტას ცნობით, გამოგონილი მეცნიერის აზრებს თავიდან ყალბი ანგარიშები აზიარებდნენ, თუმცა მოგვიანებით მისი გავრცელება ნამდვილმა მომხმარებლებმაც დაიწყეს. ისინი ძირითადად მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში არსებული ჩინეთის საჯარო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ.  ეს ამბები სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა იმისათვის, რომ დეზინფორმაციის მასშტაბი  უფრო მეტად გაზრდილიყო.

კოვიდ 19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, თუ საიდან წარმოიშვა ვირუსი. უკვე ორი წელია განიხილება ორი ვერსია, – ერთი ვერსიით, ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ვირუსმა გამოჟონა ლაბორატორიიდან,  მეორე ვერსიით კი, ვირუსი ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე.

სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა მეტამ ბელარუსსა და პოლონეთშიც. მათი ინფორმაციით, წაიშლა ბელარუსის კაგებესთან დაკავშირებული 41 და 31 ყალბი პოლონური ანგარიში, რომლებსაც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გასამძაფრებლად იყენებდნენ.  კომპანიის ანგარიშის თანახმად, ყალბი ანგარიშის მფლობელები თავს პოლონელ, ლიეტუველ და ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებად და აქტივისტებად  ასაღებდნენ და პოლონეთის ხელისუფლებას ინგლისურ, პოლონურ და ქურთულ ენებზე აკრიტიკებდნენ მიგრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისი შეიქმნა 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება აღარ დააკავებს იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირში  დოკუმენტების გარეშე მიემგზავრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend