მთავარიUnreported Europeგერმანიის ენერგეტიკული გარდაქმნა 2021 წლის ფედერალური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხია

გერმანიის ენერგეტიკული გარდაქმნა 2021 წლის ფედერალური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხია

გერმანიაში ცვლილების ქარი უბერავს. 26 სექტემბერს საყოველთაო არჩევნები გაიმართება და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალ მთავრობას გაუჭირდება, 2045 წლისთვის ქვეყანა კლიმატ-ნეიტრალური გახადოს.

გერმანიის საარჩევნო მარათონში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა ენერგეტიკულ გარდაქმნას. წამყვანი პოლიტიკური პარტიები მზისა და ქარის ენერგიას უჭერენ მხარს, მაგრამ ბიუროკრატია და ადგილობრივების უკმაყოფილება ცვლილებას აფერხებს. ბავარია ამის საუკეთესო მაგალითია.

ჩრდილოეთი ბავარიის  სოფელში მოქმედი ქარის ელექტროსადგურის მენეჯერი ერიხ ვუსტი გვიყვება ენერგეტიკული გარდაქმნის  ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც ნებართვების გაცემასა და კანონის აღსრულებას აფერხებს.

დეცენტრალიზაციის პრინციპი კიდევ უფრო ართულებს საკითხს. ბავარიამ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქარის ტურბინები უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ისეთი მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც ათჯერ აღემატება ტურბინის სიმაღლეს.

ვატ ვუსტი, ქარის ელექტროსადგურის Wust-Wind & Sun -ის დირექტორი:

„თუ განახლებადი ენერგიის წახალესება გვსურს, მუხრუჭებიდან ფეხი უნდა ავიღოთ. განსაკუთრებით ბავარიაში, სადაც ეს  სიმაღლის ათმაგი მანძილით დაშორების ვალდებულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაუქმოთ. სწორედ ეს წესია იმის მიზეზი, რომ ბავარიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ქარის ელექტროსადგურის დადგმაზე ნებართვა არავის მოუთხოვია.“

თუმცა საკითხავია ისიც, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ მხარეში   ქარის ტურბინებს ასე ძალიან? ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ ჩიტების დაცვა და პოტენციური ხმაურის პრევენცია სურს, სხვები მიწის ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.

ჰუბერტ ვარმუთი, სოფელ ვარგოლსჰაუზენის მუნიციპალური მრჩეველი:

“ორი დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის გამო ჩვენი მუნიციპალიტეტი ვეღარ ახერხებს საცხოვრებელი ფართობებისთვის მიწის გამოყოფას. რომ შევაჯამო, სახლები ვეღარ შენდება.“

მონიკა ციმერი, სოფელ ვარგოლსჰაუზენის მოსახლე:

“ათას შვიდასმა კაცმა მოაწერა ხელი ჩვენს პეტიციას, აქაურების 80 პროცენტი ქარის ენერგიის წინააღმდეგია.“

სტეფან რაინჰარტი, სოფელ ვარგოლსჰაუზენის მოსახლე:

“ვარგოლსჰაუზენი ქარის ტურბინებით იქნება გარშემორტყმული, თითოეულის სიმღლე კი 200 მეტრია. ჩვენ აღელვებული  და განადგურებული ვართ ამით.“

იულია დილერი, სოფელ ვარგოლსჰაუზენის მოსახლე:

“ვშიშობთ, რომ როდესაც ჩვენ გარშემო 23 ქარის ტურბინა განლაგდება, ჩვენი სახლები ფასს დაკარგავს.“

როგორც მწვანეთა, ისე კონსერვატორების პარტიას სურს, რომ ქვეყანაში მიწის ორი პროცენტი ქარის ტურბინებს დაუთმოს. სოციალ-დემოკრატები და კონსერვატორები შესაბამისი ნებართვების გაცემის ვადას ექვსი წლიდან ექვს თვემდე შემცირების  პირობას დებენ.

ვარგოლსჰაუზენში ერთი აბსურდული ადმინისტრაციული დავის გადაჭრას ათი წელიც კი დასჭირდა. ბოლო სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ კი ინვესტორები ვალდებული არიან თანამედროვე ნაკლებად ხმაურიანი ქარის ტრუბინები და ძველი მოდელით ჩაანაცვლონ.

იურგენ რიუთი, ვარგოლსჰაუზენის ქარის ელექტროსადგურის ინვესტორი:

“ექვსი მილიონი ევრო დავკარგეთ ამ პროექტით, ასე ვერ გაგრძელდება…უფრო მტკიცე და გაბედული პოლიტიკოსები გვჭირდება, რათა მსგავსი დილემა აღარ განმეორდეს.”

ჰარალდ შვარცი, ვარგოლსჰაუზენის ქარის ელექტროსადგურის ინვესტორი:

„მომავალში პოლიტიკა უფრო სტაბილური უნდა იყოს. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიის დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ლიცენზიის გამცემმა უწყებამ უნდა დააჩქაროს პროცედურები და საკითხით დაინტერესებული ყველა მხარის სანდოობა უნდა გაიზარდოს, რადგან ენერგეტიკული გარდაქმნა აუცილებელია. რაც აქ მოხდა, ეს კატასტროფაა.“

რაიმუნდ კამი განახლებადი ენერგიის მწარმოებლებს ლობირებს. იგი ამბობს, რომ წარსულში მმართველი პარტიები ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ გერმანიის ქვანახშირის სექტორის ლობისტებთან. რაიმუნდის ვარაუდით, ეს სცენარი არც მომავალი მთავრობის დროს შეიცვლება.

რაიმუნდ კამი, ბავარიის განახლებადი ენერგიების ასოციაციის წარმომადგენელი:

„ახლა, 2021 წელს, ბუნებრივი აირის ინდუსტრიის მთავარი ინტერესი ენერგეტიკული გარდაქმნის შეჩერებაა. მათ ლობისტებს უზარმაზარი გავლენა აქვთ, რაც სახიფათოა. უნდა დავასრულოთ ეს პოლიტიკური თამაში, ეს ხალხი უნდა დავადანაშაულოთ და ვუთხრათ: თქვენ აბინძურებთ კლიმატს. კიდევ ოთხი წლის დაკარგვა არ შეგვიძლია.“

 

ებერსბერგის სასოფლო ოლქი ხალხის საქმეში ჩართვას ახალი მეთოდებით ცდილობს. მუნიციპალიტეტმა საჯარო კენჭისყრა ჩაატარა, რათა გადაეწყვიტათ, დაედგათ თუ არა ქარის ტურბინები სახელმწიფოს კუთვნილ ტყეში, რომელიც დასახლებიდან საკმაოდ შორსაა. ადგილობრივ „ენერგეტიკულ სააგენტოს“ ხმოსნებისთვის ინფორმაციის გაცემა დაევლა. ასევე უნდა ესაუბრა, თუ როგორ უნდა შემცირდეს  CO2-ის  მოცულობა. ამ სამოქალაქო კონსულტაციის შემდეგ ქარის ტურბინებს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

მანუელ კნეხტი, ებერსბერგის ენერგეტიკული სააგენტო:

„ებერსბერგის რაიონი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის კლიმატნეიტრალური გახდეს. სამომავლოდ იგეგმება მეტი ფოტონის პანელისა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ქარის ტურბინის დადგმა. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგეტიკული გარდაქმნის დასრულება. მოდი, შევხედოთ, რა მოხდება, თუ ქარის გენერატორებს არ ავაშენებთ… როგორც ხედავთ, ტურბინები აუცილებელია, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.“

ებერსბერგს  ბავარიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ტყე აქვს. ქარის ტურბინებს ამ ტყის ძალიან მცირე ნაწილი ეთმობა, მაგრამ კერსტინის მსგავსი ოპონენტები არ ეთანხმებიან კენჭისყრის შედეგს და სარჩელს ამზადებენ.

კერსტინ მერტენსი, ებერსბერგის ტყის დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი და ბენედიქტ ზომერი, ებერსბერგის ფრინველთა დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი, ტყის სიღრმეში ტურბინების დადგმას აპროტესტებს. ბენედიქტ ზომერი თვლის, რომ „ებერსბერგის ოლქში საკმარისი ადგილია, ქარის ტურბინები ტყის გარეთ დაიდგას.“

სანამ პოლტიკოსები მსჯელობენ, უნდა შეიზღუდოს თუ არა სარჩელის აღძვრის უფლება, რათა განახლებადი ენერგიების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები დაიძრას, კერსტინი გვიმხეს მიზეზს, რომლის გამოც იგი ქარის ტურბინების წინააღმდეგია. იგი ამას კაკაჩებისა და ღამურების იმ სახეობების გადასარჩენად აკეთებს, რომლებიც გადაშენების გზაზე არიან. ასეთია, მაგალითად, ნაცრისფერი გრძელყურა ღამურა.

კერსტინ მერტენსი, ებერსბერგის ტყის დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი:

„როდესაც ღამურები ტურბინის ფრთებს უახლოვდებიან, დაბალი ატმოსფერული წნევის გამო ფილტვები უსკდებათ.“

ბენედიქტ ზომერი, ებერსბერგის ფრინველთა დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი:

„ბოლოკარკაზიც აქ ბინადრობს. ეს იშვიათი და მაღალ დონეზე დაცული სახეობაა, და არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ იგი ქარის ტურბინის ფრთას დაეჯახოს. ზოგიერთი იშვიათი წყვილი აქ მრავლდება კიდეც. თითოეული მსხვერპლი უზარმაზარი დანაკარგი იქნება.“

ადგილობრივი მოსახლეობის სხვა წარმომადგენლები პოტენციური კლიმატური კატასტროფის პრევენციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ლეა შტაინერი და ზორენ შოებელი  ტყესთან ახლოს ცხოვრობენ და მიუთითებენ, რომ ეს ტყე სპეციალურად ეკონომიკური მიზნებისთვის გაშენდა და მას აქტიურად ითვისებენ.

ლეა შტაინერი, ენერგეტიკული გარდაქმნის სამოქალაქო ექსპერტი:

„ისმის კითხვა, რა გვირჩევნია, თითოეული ღამურისა და ჩიტის დაცვა თუ ზოგადად სახეობების დაცვა? ენერგეტიკული გარდაქმნის მიზნით  ქარის ენერგიის წილის გაზრდა ველური ბუნების კონსერვაციას გაცილებით უკეთ შეუწყობს ხელს.“

ზორენ შოებელი-რუტშმანი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის პროფესორი:

“ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 30 ათასი ქარის ტურბინა დგას. მაგრამ თუ ენერგეტიკულ გარდაქმნას სერიოზულად აღვიქვამთ და სამრეწველო ინდუსტრიის ენერგიაზე მოთხოვნას გავითვალისწინებთ, ქარის ენერგია უნდა გავაორმაგოთ ანდა გავასამმაგოთ.“

ჩვენ ადგილობრივ ფერმერს ვეწვიეთ, რომელმაც შეგვახსენა, რომ გერმანიის განახლებად ენერგიაში მზის ენერგიაც შედის. მას თავის საბძელზე მზის ფოტოელემენტების დამონტაჟება სურს. გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ მზის ენერგია მეტად უნდა გამოიყენონ, მაგრამ განსხვავებული შეხედულება აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.

კარლს შვაისფურტი, ფერმერი, კომპანია Herrmannsdorf-ის მესაკუთრე:

„ამ რაიონში საკმარისად ბევრი სახურავია იმისთვის, რომ მზის ფოტოელემენტები  დავამონტაჟოთ და ჩვენი სამყოფი ელექტროენერგია ვაწარმოოთ. იქით მცხოვრებ ფერმერს სამი უზარმაზარი საბძელი აქვს, მას საკუთარი ფერმისთვის ამდენი ენერგია არ სჭირდება. მას რომ რამე კომპენსაცია მისცენ, ღია სივრცეში მზის ფოტოელემენტების დამონტაჟება აღარ დაგვჭირდებოდა. არ ვამბობ, რომ კილოვატ-საათზე 30 პროცენტი იყოს, 15-18 პროცენტიც საკმარისი იქნება.“

თუ როგორ გამოიყენოს მიწა მომავალში – ამას გერმანიის შემდეგი მთავრობა გადაწყვეტს. ვინ რას მიიღებს და რა მიზნისთვის – ეს ყველაფერი მათ ხელშია. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ენერგეტიკის მარეგულირებელი კანონმდებლობა სასწრაფოდ უნდა განახლდეს და გაუმჯობესდეს, რათა ენერგეტიკული გარდაქმნა ნამდვილად მოხდეს.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend