მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან. საბერძნეთში ცეცხლი ოლიმპიური თამაშების დაბადების ადგილს უახლოვდება. ახლომდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო. ხანძრებია იტალიაშიც, სადაც ქალაქ პალერმოსთან ახლოს 40-ზე მეტი კერაა. ხანძრის ჩაქრობას მაღალი სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს. თურქეთში კი ცეცხლი თბოელექტროსადგურს მიუახლოვდა.

საბერძნეთში სითბური ტალღით გამოწვეული ტყის ხანძარი საფრთხეს უქმნის არქეოლოგიურ ძეგლებსა და ოლიმპიური თამაშების დაბადების ადგილს. ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი უახლოვდება ოლიმპიას, სადაც ძველი წელთაღრიცხვის 776 წლიდან 1000 წლის განმავლობაში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშები იმართებოდა.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების პროცესში 174 მეხანძრე, 9 საველე ჯგუფი, 52 ერთეული ტექნიკა და 2 სახანძრო თვითმფრინავია ჩართული.

ხანძარი მძვინვარებს ევიის კუნძულზეც, სადაც პირველი კერა 3 აგვისტოს გაჩნდა. ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობა უკვე ეკაკუირებულია.

სანაპირო დაცვის სამსახურმა კი სანაპიროებიდან 90 ადამიანი გაიყვანა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, გასული 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 100-ზე მეტი კერა გაჩნდა.

იტალიაში, სიცილიის ქალაქ პალერმოსთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან არსებულ ბუჩქნარსა და მინდვრებში მეხანძრეები ხანძრის 40-ზე მეტ კერას ებრძვიან. მეხანძრეების შეფასებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესს  მაღალი სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს.

სახმელეთო ჯგუფებთან ერთად ცეცხლის ლოკალიზების პროცესში სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული.

ძლიერი ქარის გამო ხანძარმა ქემერქოის თბოელექტროსადგურს მიაღწია, თუმცა, როგორც ირკვევა, ხანძარს სადგურის ძირითადი დანადგარები  სერიოზულად არ დაუზიანებია. ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ნავებითა და მანქანებით გაიყვანეს. 11-საათიანი მძიმე სამუშაოების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია და საფრთხეს აღარ უქმნის ელექტროსადგურს.

ხანძარი მძვინვარებდა ანტალიის პროვინციის 5 რაიონში. სამაშველო ჯგუფმა მოსახლეობა რამდენიმე უბნიდან უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend