კატეგორიები

აბუ-დაბის მოლაპარაკებებისგან მხარეები განსაკუთრებულ გარღვევას არ ელიან

აბუ-დაბის მოლაპარაკებებისგან მხარეები განსაკუთრებულ გარღვევას არ ელიან

ყურადღების ცენტრში აბუ-დაბია, სადაც ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობით რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ.

პროცესში პირველად ჩაერთნენ ევროპული სახელმწიფოები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაჟინებით ითხოვდნენ, რადგან, მათი პოზიციით, საუბარი მხოლოდ მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე არ არის, არამედ ახლა წყდება საერთო ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოს საკითხიც.

რუსული და უკრაინული დელეგაციები თებერვლის შემდეგ პირველად მიუსხდნენ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში შტატების პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რამდენჯერმე შეხვდნენ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის - სხვადასხვა დროს მოსკოვსა და კიევში ოფიციალური ვიზიტებით.

შეხვედრაზე მათ კვლავ გაიმეორეს, რომ ვაშინგტონს აქვს რიგი კონსტრუქციული წინადადება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, დონალდ ტრამპს კი მტკიცედ სურს, მიაღწიოს ომის დასრულებას.

საგულისხმოა, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შტატების პრეზიდენტმა CBS-ს განუცხადა, რომ ომისშემდგომი უკრაინის ფორმა „ოდნავ შეიცვლებოდა“.

„ეს ომი უკვე მეტისმეტად დიდხანს გრძელდება. სამწუხაროდ, სამხედრო სფეროდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ორივე მხარისთვის ამ ომის შედეგებისა და ზიანის შესახებ ანგარიშების გაცნობა. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ პროცესის ნაწილი. ეს მხოლოდ უშუალოდ კონფლიქტს არ ეხება - ვხედავ, როგორ აისახება ის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა NATO-ს უმაღლესმა მთავარსარდალმა, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა.

„ვფიქრობ, უკრაინაში მშვიდობა და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. აბუ-დაბი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა შევძლოთ მტკიცე მშვიდობისა და მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველასთვის.

ჩვენ სრულად ვართ ერთგული ამ მიზნის მიღწევის მიმართ და მზად ვართ, ერთიანი გუნდის სახით, რუს კოლეგებსაც დავუკავშირდეთ და დავრწმუნდეთ, რომ ყველას ერთნაირი ხედვა გვაქვს იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროპაში საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონმა.

გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენლებმა, მათ შორის ჯარედ კუშნერმა, ბრიუსელში უკრაინის, NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ კუშნერმა განაცხადა, რომ აუცილებელია „ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის“ ჩამოყალიბება.

ამგვარმა მიდგომამ მოსკოვის მოწონება დაიმსახურა, ევროპაში კი სიფრთხილე და გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

აბუ-დაბიში რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის დელეგაციამ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უიტკოფი და კუშნერიც.

შეხვედრის შემდეგ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ განხილვის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების სფეროში შესაძლო შეთანხმებები იყო. მისი თქმით, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების მდგრადი არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართ.

ამავდროულად, აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ჟურნალისტებთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხის მოგვარება, მიუხედავად მისი კრიტიკული მნიშვნელობისა, ამ მასშტაბური დისკუსიის მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია“.

წყაროს განცხადებით, მთავარი მიზანი მთელი კონტინენტისთვის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და განუყოფელი არქიტექტურის შექმნაა.

აბუ-დაბის მოლაპარაკებების ფარგლებში, მთავარი საკითხი ნამდვილად იყო უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა უკრაინულ დელეგაციასთან დაახლოებული წყარო, „უკრაინსკა პრავდასთან“ აცხაადებს, რომ კიევის პოზიცია უცვლელია - ჯერ ომის დასრულებაა საჭირო, შემდგომ კი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქტიტექტურის შექმნაზე ზრუნვა, რომელიც ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს, ასევე არ დაუშვებს განმეორებით აგრესიას მის წინააღმდეგ.

ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მოსკოვსა და კიევს შორის უთანხმოების უფსკრული კიდევ უფრო მზარდია. რუსული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ დროებით ზავს ან თუნდაც ოკუპირებულ ოლეშკიში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მსგავს შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მოწინააღმდეგეს „ამოსუნთქვისა და გადაიარაღების საშუალებას მისცემს“.

ამას გარდა, მოსკოვი ისევ რჩება ევროპელი წარმომადგენლების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მოწინააღმდეგედ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მათდამი კვლავ ჩვეული ხისტი რიტორიკით გამოირჩა და თქვა, რომ შეუძლიათ „სასტუმროში დარჩნენ“.

ლავროვის მტკიცებით, პოლონეთში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაწყებული სამხედრო მანევრები მიანიშნებს მათ სურვილზე, დაიწყონ უფრო ფართომასშტაბიანი ომი მოსკოვთან.

ამავდროულად, ევროპელებიც და მათი NATO-ელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები თუ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა უკავშირდება მხოლოდ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეკავებას და არა მოსკოვთან კონფრონტაციისა და სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.

„აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ევროკავშირის დაახლოებით ათმა წევრმა სახელმწიფომ პოლონეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

მართალია, ამ ეტაპზე წვრთნებში მხოლოდ 2 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, თუმცა გამოცხადებული სცენარი უკრაინაში ჯარების შეყვანას ითვალისწინებს, რათა ისინი, თითქოსდა, რუსეთის ფედერაციისგან „დაიცვან“ კიევში არსებული ნაცისტური რეჟიმი.

მსურს, ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო. ამ კონცეფციის მეშვეობით, რომელიც, რა თქმა უნდა, არარეალიზებადია და რომლის განხორციელების უფლებასაც ჩვენ არ მივცემთ, ისინი ცდილობენ, არსებული ნაცისტური რეჟიმის სტაბილიზაცია მოახდინონ.

ის, რასაც ახლა ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან ვისმენთ, საბოლოო ჯამში, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნამდე დადის.

მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების არქიტექტურის პარამეტრებთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ შეიძლება დაიწყოს, ვიდრე მდგრადი ზავი არ იქნება მიღწეული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ისევ ძველი მიდგომაა: მათ სურთ, დრო მოიგონ თავიანთი მოკავშირისთვის - კიევის რეჟიმისთვის - რათა მან როგორმე შეავსოს ის სამხედრო დანაკარგები, რომლებიც განიცადა.

ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ლიდერების დონეზე შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის, შუამავლების გარეშე პირისპირ შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და მასთან განიხილოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რისი მოგვარებაც ტექნიკური ჯგუფების დონეზე შეუძლებელია.

„ვფიქრობ, ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. მაგალითად, რა ბედი ელის ხერსონს? ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ხერსონზე. ამჟამად ქალაქი მდინარით არის გაყოფილი: ერთ ნაპირზე რუსები იმყოფებიან, ხოლო მეორე ნაპირს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ.

მაგრამ ადამიანებს ორივე ნაპირზე სურთ ცხოვრება. ეს კი უკრაინული ქალაქია.

ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, სენსიტიური და ძალიან რთული განსახილველია, თუმცა მათზე საუბარი აუცილებელია.

ეს ფლორიდა არ არის. რუსეთი ფლორიდაში არ შეჭრილა. მას არ დაუკავებია იქ მცხოვრები ადამიანების სახლები და ა.შ. ამიტომ მოდით, ყველაფერი ნათლად განვმარტოთ.

ჩვენ თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. მადლობა ამერიკას, მადლობა ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს გაწეული სამუშაოსთვის. თუმცა გვინდა, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ: ჩვენ დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგი ვართ. მას მხარს ვერ დავუჭერთ. ომის მიმდინარეობისას ჩვენ არ შეგვიძლია აგრესორის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კოპენჰაგენში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოაცხადა 645 მილიონი ევროს თავდაცვითი პაკეტის დადებაზე.

დაკავშირებული ამბები
აბუ-დაბის მოლაპარაკებებისგან მხარეები განსაკუთრებულ გარღვევას არ ელიან FlyDubai-ის რეისის ერთ-ერთი პილოტი გეგმავდა თვითმფრინავის შეჯახებას თელ-ავივის აეროპორტზე