ბულგარეთში, ავტომაგისტრალზე მომხდარ მძიმე ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.
„თრაკიას“ ავტომაგისტრალზე, რომელიც დედაქალაქ სოფიას შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბურგასთან აკავშირებს, ერთმანეთს 70-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა .
როგორც ვარაუდობენ, მომხდარის ერთ-ერთი გამოწვევეი მიზეზი ძლიერი ნისლი იყო.
„სქელი ნისლი იყო და რამდენიმე მანქანა გაჩერდა. მეც ავტობუსის გასწვრივ გავჩერდი. შემდეგ უცებ, უკნიდან წითელი სატვირთო მანქანა დაგვეჯახა. თავიდანვე მივხვდი, რომ მძღოლს მუხრუჭს არ გამოუყენებია. სატვირთო პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა. გვერდით მჯდომ კოლეგას ვუთხარი, მომზადებული იყო რადგან შეჯახება გარდაუვალი იყო. დარტყმის შედეგად გზის დამცავ ჯებირს დავეჯახეთ, შემდეგ კი — სხვა ავტომობილსაც. ძლივს მოვახერხეთ მანქანიდან გამოსვლა, რა დროსაც ჩვენს უკან კიდევ რამდენიმე შეჯახება მოხდა.“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
„ნამდვილი საშინელება ავტობუსის შიგნით ხდებოდა. წინ მიმავალ სატვირთოსთან შეჯახების შემდეგ, ჩამსხვრეული ფანჯრებიდან მარცვლეული შემოიყარა, თან მინის ნამსხვრევებიხ ცვიოდა. ხალხი ერთმანეთზე იყო მიყრილი. ზოგი მგზავრი წაიქცა, ზოგი დაშავდა, ზოგი კი შიგნით იყო ჩარჩენილი და ვერ გამოდიოდა. როდესაც საბოლოოდ გარეთ გამოსვლა შევძელით, ავტობუსს გავეცალეთ, რადგან გვეშინოდა, რომ ნებისმიერ წამს შესაძლოა ხანძარი გაჩენილიყო.“ - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული.
პოლიციის ინფორმაციით, ჯაჭვური ავარია მას შემდეგ დაიწყო, რაც სატვირთო მანქანამ ავტობუსს გზა გადაუკეტა, რასაც ავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილს შორის შეჯახება მოჰყვა. ამის შემდეგ, ორ ზოლში ათობით სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა ერთმანეთს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დასრულებისთანავე, ვარნაში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო თრაკიას“ ავტომაგისტრალზე მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“. - ამბობს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, რუმენ რადევი.
„ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მთლიანად ბულგარელ ხალხს. პატივისცემას გამოვხატავ სამაშველო ჯგუფების მიმართ. თქვენ ტრაგიკულ მომენტს გადიხართ და სრულად მესმის, თუ რატომ შეიცვალა ჩემი ვიზიტის პროგრამა“. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ბულგარეთის გზები ევროკავშირში ყველაზე სახიფათოდ ითვლება.
ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი უპასუხისმგებლო მართვით, გზების ცუდი მდგომარეობითა და მართლმსაჯულების სისტემის არაეფექტიანობითაა გამოწვეული.
