კატეგორიები

აბუ-დაბის მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაზე იერიშები არ წყდება

აბუ-დაბის მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაზე იერიშები არ წყდება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებების პარალელურად, რუსული საოკუპაციო არმია მაინც არათუ არ წყვეტს, არამედ არც კი ცდილობს შეამციროს დარტყმების ინტენსივობა უკრაინულ ქალაქებზე.

მოსკოვი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს აქტიურად ბომბავდა აბუ-დაბის მოლაპარაკებების დაწყებამდეც. რამდენიმე დღით ადრე, 2 ნოემბერს სამშვიდობო პროცესი ჩაშლის ზღვარზე აღმოჩნდა ზაპორიჟიეს ოლქის კომიშუვახას დასახლებაზე მიტანილი იერიშის გამო, სადაც რუსებმა ფუგასური ბომბები გამოიყენეს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული ცენტრის მისამართით, რასაც, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 55 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრებიც. რუსული საჰაერო იერიშების ხმაურის ფონზე, ნათესავები და მეგობრები მათ უკანასკნელ გზაზე გაცილებას ცდილობენ.

„ისინი მაღაზიაში მუშაობდნენ - ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილი იყო. არტიომი მეთევზე იყო; ჩემს მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა სათევზაოდ. მე და დანიელა კი მაღაზიაში ერთად ვმუშაობდით.

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სამსახურში წასვლაზე უარს ამბობდნენ, შემდეგ კი საბოლოოდ სამსახურიდან წამოვიდნენ, რადგან FPV დრონის დარტყმას ძლივს გადაურჩნენ. ამ ორი კვირის განმავლობაში არ უმუშავიათ.

შემდეგ მან დამირეკა და მითხრა: „ქალბატონო ვალია, ორშაბათიდან სამსახურში ვბრუნდებით“, მაგრამ როცა მართვადი საავიაციო ბომბებით გვიტევდნენ, ისინი თავს ბომბსაფარს აფარებდნენ. ჩვენც იქ უნდა ვყოფილიყავით.

ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრში უნდა წავსულიყავით, რადგან ჩვენი ბინა დაზიანებული იყო. მაგრამ მანქანა არ იქოქებოდა. არტიომს დავურეკეთ, რადგან ახალგაზრდა და ენერგიული ბიჭი იყო და ვუთხარით, რომ მანქანა არ იქოქებოდა. მან მიპასუხა: „ქალბატონო ვალია, ახლა მართვადი საავიაციო ბომბები ცვივა. დაშას მარტო ვერ დავტოვებ. მოგვიანებით მოვალ“.

აფეთქებების შემდეგ მათთან დარეკვა დავიწყე, მაგრამ ტელეფონს აღარავინ პასუხობდა...

მათი შვილი 10 წლისაა. ოცნებობდნენ, საკუთარი სახლი შეეძინათ. მათ ყველაფერი დაკარგეს. ყველაფერი, რაც გააჩნდათ, დაბომბვის შედეგად განადგურდა.

აქ, ზაპორიჟიეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ოცნებობდნენ, შვილი გაეზარდათ და მისთვის მომავალი უზრუნველეყოთ. რა თქმა უნდა, ოცნებობდნენ, დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრათ.

არტიომმა კი სულ ახლახან, 30 ოქტომბერს, დაბადების დღე იზეიმა“, - ამბობს ვალენტინა ზაიეცი, კომიშუვახას მცხოვრები ერთ-ერთ დაღუპულ ოჯახზე.

მსგავსი სამარხი ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპორიჟიასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მრავლადაა. ზოგიერთი მათგანი კუსტარულად მოწყობილი სასაფლაოა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მასშტაბსა და საერთო სურათს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა 11 ნოემბრის ღამის განმავლობაში 162 დრონი და ერთი „ისკანდერ-М“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 135 დრონის ჩამოგდება ან განეიტრალება შეძლეს, თუმცა დარტყმები 19 სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა.

დაკავშირებული ამბები
აბუ-დაბის მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაზე იერიშები არ წყდება აბუ-დაბის მოლაპარაკებებისგან მხარეები განსაკუთრებულ გარღვევას არ ელიან