კადრებში ჩანს ახალშობილი სკატის პირველი მოძრაობები მას შემდეგ, რაც ის კვერცხიდან გამოიჩეკა. კვერცხი საბერძნეთში, ქალკიდიკიში, „თერმაიკოსის ბიომრავალფეროვნების პროექტის“ ფარგლებში, აკვარიუმში ინკუბაციის პერიოდს გადიოდა. ეს სკატი ერთ-ერთ იშვიათ და მოწყვლად სახეობას მიეკუთვნება.
მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ და კიდევ ოთხ სხვა კვერცხს, რომლებიც მეთევზეების ბადეებიდან გადაარჩინეს, რათა პატარა სკატებს გადარჩენის მაქსიმალური შანსი ჰქონოდათ.
ვინაიდან სკატები მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფ სახეობას შორის არიან, მათი წარმატებული გამოჩეკვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვაო ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში.
„ჩემს უკან არის აკვარიუმი, სადაც ვქმნით იმ პირობების იმიტაციას, რომლებიც აქ, ქალკიდიკის ზღვაში, თერმაიკოსის ყურეში, გვხვდება. მიზანი კვერცხებიდან ნაშიერის გამოჩეკვაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სკაროსებზე. ჩვენ სხვა სახეობებთანაც ვმუშაობთ, თუმცა ამჯერად იდეა ასეთია: გამოჩეკვის შემდეგ ვქმნით ბუნებრივ პირობებს და მათ ისევ ზღვაში ვუშვებთ, რათა გადარჩენის მეორე შანსი მიიღონ. ამრიგად, ამ აკვარიუმის დანიშნულებაა, გადარჩენის მეორე შანსი მისცეს იმ კვერცხებს, რომლებიც მეთევზეების ბადეებში ხვდება. როდესაც სკაროსი ბადეში ებმება, მაგალითად, თევზჭერისას შემთხვევით დაჭერილი ზრდასრული ინდივიდი, სტრესის გამო ის ხშირად კვერცხებს ყრის. შესაბამისად, ეს პროცესი გვეხმარება, შევაფასოთ თევზჭერისას თანმხლები დაჭერის გავლენა. გამოჩეკვის შემდეგ, სამეცნიერო მიზნებისთვის, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ორგანიზმებს და მჭიდრო კავშირში ვართ ვალენსიის „ლამნას“ ინსტიტუტთან. რამდენიმე დღეში მათ ისევ ბუნებრივ გარემოში, ჩემს უკან არსებულ ყურეში, დავაბრუნებთ. აკვარიუმში მათთვის იდეალური ტემპერატურაა შექმნილი. ვიმედოვნებთ, რომ გათავისუფლების შემდეგ ისინი გაიზრდებიან, გადარჩებიან და ახალ თაობასაც გამოიყვანენ“. - განაცხადა „თერმაიკოსის ბიომრავალფეროვნების პროექტის“ სამეცნიერო დირექტორმა, ჟაო ბერნარდომ.
ორგანიზაცია ISea-ის (აისის) მყვინთავების დახმარებით, რომელიც წყლის ეკოსისტემების დაცვით არის დაკავებული, ახალშობილი სკაროსები ზღვაში გაშვებამდე რამდენიმე დღეს აკვარიუმში ატარებენ.
მათ აბრუნებენ ბუნებრივ ჰაბიტატში, იმ სიღრმეზე, სადაც პირობები, მათ შორის ტემპერატურა და წყლის ხარისხი, მაქსიმალურად ჰგავს იმ გარემოს, რომელშიც ისინი სიცოცხლის პირველ წუთებში იმყოფებოდნენ. ეს კი მათ გადარჩენის საუკეთესო შანსს აძლევს.
მას შემდეგ, რაც მათ პირველი ბრძოლა, დაბადება, მოიგეს, რაც მათ შემთხვევაში სულაც არ იყო გარანტირებული, ამ ორგანიზმებისთვის იწყება გადარჩენისთვის ბრძოლის რთული და გრძელი გზა.
