მთავარისაქართველო100 წლის წინანდელი კავკასიელი ადოლფ დირის ნამუშევრებზე

100 წლის წინანდელი კავკასიელი ადოლფ დირის ნამუშევრებზე

გოეთეს ინსტიტუტმა ქართული ლიტერატურის მუზეუმთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგის და ფოტოგრაფის, ადოლფ დირრის ფოტონამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. ნამუშევრებში მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ხალხის ცხოვრებაა ასახული. 

გამოფენილი ფოტოები 100 წლის წინათ მცხოვრები კავკასიელი ხალხის წესს-ჩვეულებებზე გვიამბობს.

სურათები ამ დრომდე მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში იყო დაცული.

ნამუშევრების ავტორი გერმანელი ენათმეცნიერი, ეთნოლოგი და ფოტოგრაფი ადოლფ დირია. იგი საქართველოში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა და რამდენიმე წელი დარჩა. მეორედ ის უკვე 1918 წელს – დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია. კავკასიაში ყოფნის დროს ადოლფ დირმა უამრავი ფოტო გადაიღო.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქართველ დამთვალიერებლებს ეს უნიკალური ფოტოები ვაჩვენოთ. ნამუშევრები აქამდე არასდროს არ ყოფილა გამოფენილი. ამასთანავე, ამ გამოფენით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც აღვნიშნავთ“, – ამბობს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

მუზეუმში მოსულ სტუმრებს აქ ნამუშევრის კატალოგიც ხვდებათ.

[br]“აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, თუ როგორი მშვენიერია ჩვენი სამშობლო, თუ როგორი ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს. კატალოგში დაბეჭდილი ეს 150 ფოტო ყველას სახლში ერთგვარი სიხარული იქნება. ეს არის შესანიშნავი ხელოვნება და დანატოვარი“, – ამბობს კატალოგის მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი.

გამოფენილი ნამუშევრები ასახავს იმჟამინდელი თბილისის არქიტექტურას, ამსთანავე მრავლადაა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ხალხის პორტრეტებიც.

„ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ აღმოვაჩინე ჩემი სახლის ფოტო, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინათ არის გადაღებული. საინტერესოა, რომ მაშინდელი საქართველო დოკუმენტურად არის გადაღებული და თან მისი სული შენარჩუნებულია. ფოტოებმა საუკუნეს გაუძლო“, – გვიამბო გამოფენის სტუმარმა გია ჩხატარაშვილმა.

დამთვალიერებელს ფოტოგამოფენის ნახვის შესაძლებლობა თბილისის ლიტერატურის მუზეუმში 25 ივნისის ჩათვლით ექნება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend