მთავარიამბებიდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი მისთვის საინტერესო საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი მისთვის საინტერესო საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ახალი  ანგარიში „ახალგორის ჩიხი“ ახალგორში შექმნილ მდგომარეობასა და შესაძლო გამოსავალს განიხილავს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი მისთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და გადააგილებაზე მეტი თავისუფლების დაშვებით.

ანგარიშის მიხედვით  2008 წლამდე, სანამ რუსეთი სამხრეთ ოსეთს აღიარებდა, სამხედრო თვალსაზრისით დაუცველი და ეკონომიკურად სუსტი ცხინვალი, საქართველოსთან ურთიერთობას და პირდაპირ დიალოგს არ გაურბოდა. თუმცა, რუსეთისგან აღიარების, უსაფრთხოების გარანტიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ცხინვალმა თბილისთან ურთიერთობის სურვილი დაკარგა. თუმცა ამ ფონზეც კი, ცხინვალის დამოკიდებულება ახალგორელების მიმართ შედარებით ლიბერალური რჩებოდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ვითარება გამწვავდა ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

„ქართულ-ოსური ურთიერთობები ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავების შემთხვევები, გართულდა ქართულ ენაზე განათლების მიღება, სამაგალითოდ დაისაჯა ქართველი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, უფრო ინტენსიური გახდა ბორდერიზაციის პროცესი. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამ დოკუმენტის მიხედვით, სწორედ ასეთ დაძაბულ ფონზე განვითარდა ჩორჩანა-წნელისის კრიზისი.

„ მას შემდეგ, რაც ცხინვალმა უშედეგოდ მოსთხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო პუნქტის გაუქმება,  ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაში აიყვანა. 2019 წლის სექტემბრიდან ახალგორი გარე სამყაროსთვის ჩაკეტილია და მოსახლეობას არა აქვს გადაადგილების თავისუფლება. კრიზისისა და კოვიდ 19-ის ეპიდემიის ფონზე რაიონში ცხოვრება ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა. წელიწადნახევრის განმავლობაში ახალგორის რაიონი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, შექმნილი სავალალო მდგომარეობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან გაბედულ, არაორდინალურ პოლიტიკას საჭიროებს. მან უნდა განაგრძოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, ცხინვალის ხელისუფლებასა და მოსკოვზე ზეწოლის მიზნით. პარალელურად, საქართველოს მთავრობას მართებს, დროულად შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი, რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა (მაგალითად, სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა, მედიკამენტებისა და საკვების დროული შეტანის მექანიზმის შემუშავება და ა.შ.).

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ცხინვალთან დიალოგი მისთვის საინტერესო  საკითხებზე.

„მაგალითად, თბილისისა და ცხინვალის ერთობლივი ადმინისტრირების პირობებში, სრულიად რეალისტურად გამოიყურება მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედება (ერგნეთის ბაზრობის გამოცდილების გამოყენებით); გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების საშუალებით, სწრაფი და იაფი წვდომა ექნება დანარჩენ სამყაროსთან;  ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილების ახალ შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალი (რომელიც ცხინვალის რეგიონიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია); ამასთანავე, ლარსის გამშვები პუნქტის გეოგრაფიულ-მეტეოროლოგიური პრობლემატიკიდან გამომდინარე, შეთანხმების შემთხვევაში, ტვირთების გადამისამართება „ტრანსკამზეც“ შეიძლება მოხდეს“, – ნათქვამია  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend