მთავარისაქართველოსაქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 26%-ით გაიზარდა

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 26%-ით გაიზარდა

მიუხედავად პანდემიისა, გასულ წელს, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 26 პროცენტით გაიზარდა. პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა.

2020 წელს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის ზოგადი შემცირებისა, ევროკავშირში  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები. ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ 9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. გარდა ამისა, გაიმართა DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენას ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები დაესწრნენ.

„პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ და ფერმერულ გაერთიანებებთან მიზნობრივი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, მათი გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხდეს ახალი პროდუქტების აღიარება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა და მწარმოებელმა ისარგებლოს საქართველოდან,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე DCFTA-ის განხორციელების მიმართულებით. გენადი არელაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის, ბაზარზე ზედამხედველობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარდა. განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმებიც.

არველაძის მოსაზრებით, ევროკავშირთან წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ევრობლოკში ქართული პროდუქტის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგადად ევროკავშირი ჩვენი ეროვნული პროდუქციის საექსპორტო ბაზარია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე პირველად გავიდა საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტი. მალე  გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოში წარმოებული ცხოველთა საკვებიც გავა – ამ პროდუქტმა ევროკომისიის აღიარება 2020 წელს მოიპოვა.

გენადი არველაძის მიხედვით, 2020 წელს ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი.

„2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ექსპორტიორი და საექსპორტო პროდუქცია ითვისებს ევროკავშირის ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი პროდუქტების აღიარების მიმართულებით, როგორიცაა აკვაკულტურა და დედა-ფუტკარი, როგორც ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქცია,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend