უკვე მეთვრამეტე კვირაა, რაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასულ კვირას სამართალდამცავებმა 300-ზე მეტი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილენი ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, გადადგომას ითხოვენ. ლუკაშენკო მეექვსე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. თუმცა საზოგადოებას მიაჩნია, რომ არჩევნები გააყალბეს.
მინსკის სხვადასხვა უბანში გამართულ აქციებზე ათასობით ბელარუსი გამოვიდა. ეს ოპოზიციის ახალი ტაქტიკაა. მათ გადაწყვიტეს, ერთი მასობრივი აქციის ნაცვლად, ბევრი მცირე მასშტაბის აქცია მოეწყოთ, რათა სამართალდამცავებს აქტივისტების შევიწროება გასჭირვებოდათ.
ადამიანის უფლებათა დამცველებმა მინსკსა და სხვა ქალაქებში დაკავებული 215 პირის ვინაობა დაადგინეს და მათი სახელები საჯაროდ განაცხადეს.
პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, რომელმაც გასულ კვირას კოვიდ-19-ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილი პალატები მოინახულა, საპროტესტო აქციების მასშტაბებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციებს დასავლეთი აფინანსებს.
ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგზე უარს ამბობს. გასულ კვირებში მან ოპოზიციის მიერ გამართული აქციები დაარბია და ასობით მომიტინგე დააკავა.