საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სი ძინპინს სურს მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უკრაინაში. მისი თქმით, მხარეებს შორის შედგა გულწრფელი საუბარი, სადაც საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს.
სიჩუანის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა მედიასთან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრაზილიამ და ჩინეთმა გარკვეული ძალისხმევა გასწიეს სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად და ეს სამუშაო გრძელდება. მან ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროპას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. ფრანგი ლიდერის თქმით, ხანგრძლივ მშვიდობას ერთიანი ძალისხმევა სჭირდება არა მხოლოდ ევროპისა და ამერიკისგან, არამედ სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც.
„ვფიქრობ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტს მოესმინა ის, თუ რას აკეთებენ ევროპელები, როგორ ვხედავთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას და როგორ ვუჭერთ მას მხარს სხვადასხვა ინიციატივით. არსებობს სამუშაო, რომელსაც ჩინეთი და ბრაზილია ამ მხრივ ახორციელებენ. ბუნებრივია, არსებობს სპეციალური ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის, ამ მხრივაც გავცვალეთ მოსაზრებები და გულწრფელი ხედვა. დავინახე, რომ პრეზიდენტს სურს, კონტრიბუცია შეიტანოს მშვიდობასა და სტაბილურობაში. მან გაითვალისწინა ის არგუმენტები, რომლებიც მე ევროპელების სახელით ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის სასარგებლოდ ვახსენე.
უნდა არსებობდეს გარანტიები უკრაინისთვის, რათა ის არ გახდეს ახალი აგრესიის მსხვერპლი. ამ მხრივ დიახ, პროგრესი გვქონდა. შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები იმუშავებენ საერთო დოკუმენტზე მომდევნო კვირებისა და თვეების მანძილზე. უნდა ითქვას, რომ ერთობა აშშ-სა და ევროპას შორის უკრაინის საკითხზე საკვანძოდ მნიშვნელოვანია, ამას ხაზიც გავუსვი. ამერიკას სჭირდება ევროპა, სამშვიდობო ძალისხმევაში ლიდერობისთვის, რადგან ეს ხდება სწორედ ევროპის კონტინენტზე, ჩვენ კი უსაფრთხოების გარანტორები ვართ.
ჩვენ ვართ ის, ვინც განიხილავს სანქციებს, ვისაც აქვს გაყინული რუსული აქტივები და ეს მხოლოდ მაგალითებია – პარტნიორობით ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები. ჩვენ კი გვჭირდება აშშ, რათა მივაღწიოთ მშვიდობას. არ არსებობს სცენარი, რომლითაც უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობა – ევროპის, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა თუ იაპონიის გარეშე მიიღწევა – ყველა იმ ქვეყნის გარეშე, ვინც დღეს მსურველთა კოალიციაშია“, – აღნიშნა ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

