კატეგორიები

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა

იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა
25 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, იბიცის კუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 20 მილის დაშორებით, მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონაში, 6 900 მეტრული ტონა დიზელის საწვავით დატვირთული სავაჭრო გემი ჩაიძირა.

26 ნოებერს დილის საათებში საზღვაო სამაშველო სამსახურის საჰაერო ხომალდმა აღმოაჩინა გემი, რომელიც ამოყირავებული იყო და ჯერ კიდევ წყლის ზედაპირზე ტივტივებდა.

მალტის დროშის ქვეშ მცურავ ქიმიურ ტანკერ „მედ ემრეზე“ (Med Emre) ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა. ისინი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. წინასწარი მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვაში საწვავი არ გაჟონილა. საგანგებო სიგნალის შემდეგ ეკიპაჟის ყველა წევრი გადაარჩინეს. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი, 46 წლის თურქეთის მოქალაქე, იბიცის კუნძულზე მდებარე „კან მისესის“ (Can Misses) საავადმყოფოში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.

ბალეარის კუნძულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, პაბლო გარისმა, განაცხადა, რომ ჩაძირული გემის გარშემო წყლის ზედაპირზე ლაქა შეინიშნებოდა, რაც მსგავს შემთხვევებში ხშირი მოვლენაა, თუმცა საწვავის გაჟონვა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

მთავრობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრი, კარლოს კუერპო, რომელიც დილით ვალენსიიდან აკვირდებოდა ვითარებას, დღეს, შუადღისას, აღნიშნულ ტერიტორიას საჰაერო გზით დაათვალიერებს. დაზარალებული ზონა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ძუძუმწოვრების მიგრაციის დერეფანში, 2018 წელს შექმნილ დაცულ საზღვაო ტერიტორიაზე, სადაც მიგრირებენ ისეთი სახეობები, როგორებიც არიან ვეშაპები, კაშალოტები, ასევე დელფინთა სხვადასხვა სახეობა.

დაკავშირებული ამბები
იბიცის სანაპიროსთან 6 900 ტონა დიზელით დატვირთული გემი ჩაიძირა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სანაპიროსთან გაჭედილი სატვირთო გემი კვლავ ზღვაშია