კატეგორიები

ჰონგ-კონგში წიგნის მაღაზიები იხურება

ჰონგ-კონგში წიგნის მაღაზიები იხურება
ჰონგ-კონგში რამდენიმე დამოუკიდებელი წიგნის მაღაზია დაიხურა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ  წიგნის ხუთი გამყიდველი დააკავა. მათ ბრალად ედებათ იმგვარი ლიტერატურის გაყიდვაში, რომელიც, ხელისუფლების შეფასებით, ამბოხებისკენ წაქეზებას შეიცავს.

გამოძიება საბაჟო სამსახურისგან მირებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთიდან ჰონგ-კონგში გაგზავნილ ტვირთში აღმოჩენილ იქნა იმ შინაარსის წიგნები რომელიც, მათი მტკიცებით, ამბოხებისკენ მოწოდებას ისახავდა მიზნად, შეიცავდა სიძულვილის გამაღვივებელ ნარატივებს ხელისუფლების, სასამართლოსა თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. დაკავებულებს  7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჰონგ-კონგში დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიების ქსელი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს პეკინმა ქალაქში ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. კრიტიკოსების შეფასებით, ამ კანონმა მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და გააძლიერა კონტროლი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე.

დახურული მაღაზიების დიდი ნაწილი მკითხველს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე გამოცემული წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობდა, რაც მათ ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიებისგან გამოარჩევდა. ამასთან, ისინი მხოლოდ სავაჭრო სივრცეები არ იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჰონგ-კონგის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში, მასპინძლობდნენ ლიტერატურულ კლუბებს, წიგნების განხილვებს, ავტორებთან შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას,მათ შორის ავტოკრატიული და დემოკრატიული სისტემების განხილვებს.

რეიდები ჰონგ-კონგში ამით არ დაწყებულა. გასულ თვეს, ორ დამოუკიდებელ საქმეზე, პოლიციამ კიდევ ორი წიგნის მაღაზიის მფლობელი დააკავა. გამოძიების ვერსიით, მათ დახლებზე გამოფენილი ჰქონდათ და ყიდდნენ ლიტერატურას, რომელიც ხელისუფლების შეფასებით, ამბოხებისკენ იყო მიმართული.

დაკავშირებული ამბები
ჰონგ-კონგში წიგნის მაღაზიები იხურება ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი