ჩინეთში 2026 წლის რობოტების მსოფლიო კონფერენცია გაიხსნა. ხუთდღიან ღონისძიებაზე კომპანიები ქვეყნის სწრაფად მზარდი რობოტიკის ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს წარადგენენ. კონფერენციის ფარგლებში დამთვალიერებლები დაახლოებით 3 000 პროდუქტს იხილავენ.
პირველივე დღეს განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანოიდური რობოტების მწარმოებლის, Unitree-ს სტენდმა მიიპყრო. კომპანიის რობოტებმა კრივისა და ცეკვის შესაძლებლობები აჩვენეს, ერთ-ერთი ჰუმანოიდი კი მაგიდის ჩოგბურთში ადამიანს დაუპირისპირდა.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ეროვნული უსაფრთხოების რისკების მიზეზით უცხოეთში წარმოებული ახალი ჰუმანოიდური რობოტებისა და ელექტროენერგიის ინვერტორების იმპორტი აკრძალა. გადაწყვეტილება, რომელიც ძირითადად ჩინურ პროდუქციას ეხება, ოთხფეხა რობოტების, ე.წ. რობოტი ძაღლების ახალ იმპორტზეც ვრცელდება. ამერიკული მარეგულირებლის განცხადებით, მოწინავე რობოტულმა სისტემებმა შესაძლოა კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა რისკები შექმნას.
დამთვალიერებლების განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის მსგავსი სახის მქონე რობოტებმა მიიპყრეს, რომლებიც ემოციური მხარდაჭერისთვის არის შექმნილი. UBTECH-ის ერთ-ერთი ასეთი რობოტი იღებს სხვადასხვა სახის გამომეტყველებას, აბრუნებს თავს და ხელებსაც ამოძრავებს. მისი შეძენა კერძო პირებისთვისაც არის შესაძლებელი. მისი ღირებულება 24 ათას დოლარზე მეტია.
კონფერენციაზე რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა დამხმარე რობოტებიც, რომლებიც მექანიკური ხელებით სხვადასხვა ყოველდღიური საქმის შესრულებას ცდილობენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მაისურიც დაკეცა, რაც, ერთი შეხედვით, მარტივი საყოფაცხოვრებო დავალებაა.
