მოსკოვში გასეირნებამ მშვიდობა ვერ მოაახლოვა, თუმცა ჯერჯერობით პროცესები მშვიდობისგან არც დაუშორებია. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა დელეგაციამ კრემლის შეხვედრების დარბაზში უკრაინასთან შეთანხმებული დოკუმენტი მაგიდაზე დადო, მალევე ნათელი გახდა, რომ მოსკოვი მას არ დათანხმდებოდა.
ეს სავარაუდოც იყო, რადგან ფლორიდაში შეჯამებული დოკუმენტით უკრაინული მხარე კმაყოფილი ჩანდა, შესაბამისად მისით კმაყოფილ ვერ იქნებოდა კრემლი. რა ითქვა დახურულ კარს მიღმა, მაინც უცნობი დარჩა, ეს იმიტომ, რომ მხარეები დეტალების გაუთქმელობაზე შეთანხმდნენ.
სტივენ უიტკოფს, ჯარეტ კუშნერს, ვლადიმერ პუტინსა თუ იური უშაკოვს შორის გაცვლილი მოსაზრებები ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება.თუმცა ამასთან მინიშნებებით ნათელი გახდა, რომ რუსეთი პრინციპულ საკითხებს არ თმობს : არც დონბასზე ამბიციებს, არც უკრაინის თავდაცვითი უნარების შემცირების მოთხოვნას და არც პრეტენზიას,მიტაცებული ტერიტორიები მის შემადგენლობაში აღიარონ.
„არასწორი იქნება იმის თქმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა არ მიიღო. გუშინ აზრთა პირდაპირი გაცვლა პირველად მოხდა. ითქვა, რომ იყო საკითხები, რომლებთანაც რუსულმა მხარემ თანხმობა გამოთქვა, ხოლო ნაწილზე — რომ მიუღებელია. ეს სამუშაო პროცესის ნორმალური ნაწილია, კომპრომისის ძიება. შეგნებულად არაფერს დავამატებთ — გვესმის, რომ რაც უფრო მეტ სიჩუმეში ჩაივლის მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება. ამ პრინციპის ერთგულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც იზიარებენ იმავე მიდგომას. ახლა მუშაობა ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს — სწორედ ამ ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული შედეგები, რომლებიც მოგვიანებით მაღალ დონეზე კონტაქტების საფუძველი გახდება. ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას გამოსავლის მოსაძებნად და მზად ვართ იმდენი შეხვედრისთვის, რამდენიც სამშვიდობო პროცესს დასჭირდება“, — განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ხუთსაათიანი შეხვედრის დეტალებზე უფრო მეტი იური უშაკოვმა განაცხადა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვლადიმერ პუტინის შეუცვლელ მრჩევლად იქცა. მისი თქმით, პუნქტებზე მეტად საუბარი საკითხების არსს დაეთმო, სადაც კრემლს კრიტიკა არ დაუმალავს. მოგვიანებით მან ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის მიღწევებმა მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან პოზიციები გაუმარტივა. საუბარია პოკროვსკის დაკავებაზე — ფაქტზე, რომელსაც კრემლი უკვე მეორე დღეა ამტკიცებს, ხოლო კიევი უარყოფს.
“საუბარი იყო სასარგებლო, კონსტრუქციული და ხელშესახები. გაგრძედა არა 5 წუთს არამედ 5 საათს – ჩვენ ბუნებრივია ამერიკელ კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ის დოკუმენტები,რომლებიც ამერიკელებმა რუსეთს გადასცეს, განვიხილეთ ეს პროექტები თუმცა არ განგვიხილავს კონკრეტული ფორმულირებები, განვიხილეთ იმის არსი, რაც ამერიკულ დოკუმენტებშია ჩადებული. შევძელით ნაწილს დავთანხმებულიყავით,ზოგიერთმა პუნქტა კი კრიტიკა გამოიწვია, პრეზიდენტპუტინს ეს არც დაუმალავს. ტრამპის წარმომადგენლებმა გადმოგვცეს მოკითხვა და საუკეთესო სურვილები პრეზიტნ პუტინს და ჩვენმა პრეზიდენტმაც მეგობრული მოკიტხვა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპს. არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა მნიშვნელოვანი სიგნალები, რომლებიც მისმა თანამოსაუბრეებმა მოსიმინეს და ვაშინტგონში წაიღეს. ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან შევტახნმდით რომ არ გავამხელთ მოლაპარაკებების შინაარს, რადგან მას დახურული ხასიათი ჰქონდა”, -თქვა შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
უცნობი რჩება, როგორ შეძლებენ დიპლომატები იმ ხიდების აშენებას, რომელმაც ორი რადიკალურად დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს მოარიგოს. მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში დიპლომატიურ ძალისხმევაზე უარს არ ამბობენ, როგორც ამას მანამდე იმუქრებოდნენ. ეს კარგი სიგნალია უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომელიც ახლა აშშ-ის სიგნალების მოლოდინშია, მას შემდეგ რაც ამერიკული დელეგაცია ოვალურ კაბინეტში პუტინის ნათქვამს ჩაიტანს.
„რთულია რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების კომენტირება, რადგან მას არ სურს ომის დასრულება. ეს იმიტომ, რომ მან ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რომელიც ომის დაწყების წინ ამოძრავებდა. მას ჩვენი განადგურება სურდა, ჩვენი თავისუფებისა და ჩვენი ხალხის. ვინც მას იცნობს ან არ იცნობს ესმის, რომ ის გაოცებული დარჩა. მან ვერ მიიღო შედეგები. პუტინი ახლა ფიქრობს თუ როგორ იპოვოს ახალი მიზეზები, რათა ეს ომი არ დაასრულოს. ჩვენ აშშ-ის ზეწოლის იმედი მაქვს, ისინი სიტყვის ადამიანები არიან, ძალიან ძლიერი ქვეყანაა,თქვეს რომ ზეწოლას ორივე მხარეზე განახორიცლებენ, ვისურვებდით, რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყვნენ მაგრამ მესმის, მედიატორები არიან. მოლაპარაკებების ტემპები ოპტიმიზმს აჩენს, ჩანს. რომ აშშ არ გადის დიპლომატიური პროცესიდან და ეს კი სიგნალია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ მშვიდობა გვსურს”, – აღნიშნა დუბლინში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამშვიდობო მოლაპარაკებების სირთულე კარგად ესმის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელსაც ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე ელოდნენ, თუმცა იქ ჩასვლა ვერ მოახერხა. სანამ მას ევროპელებთან შეხვედრებზე მოადგილე ცვლის, რუბიომ Fox News-სთან რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და ის პოზიცია წარმოაჩინა, რომლითაც აშშ ამ მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობს.
„ბრძოლა ახლა რეალურად 30–50 კილომეტრიან სივრცეზე მიმდინარეობს — დონეცკის რეგიონის დარჩენილ 20%-ზე. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა უსაფრთხოების გარანტიებით იცხოვრებენ უკრაინელები მომავალში: როგორ აიცილონ ახალი შეჭრები, როგორ აღადგინონ ეკონომიკა, ჰქონდეთ კეთილდღეობა და მზარდი ეკონომიკა. თეორიულად, თუ სწორი გზით წავლენ, 10 წელიწადში მათი მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთსაც კი გაუსწრებს. სწორედ ასეთ საკითხებს ვაწყდებით: ომი უნდა დასრულდეს, უკრაინა აღარასოდეს გახდეს თავდასხმის სამიზნე, დაცული იყოს მისი სუვერენობა და დამოუკიდებლობა ხანგრძლივი ვადით, რათა ქვეყანა არ იქცეს მარიონეტულ სახელმწიფოდ. ამის მიღწევას ვცდილობთ. აქედან გამომდინარე, უნდა ვნახოთ, რაზე დათანხმდება უკრაინა მოცემული დინამიკის პირობებში და რაზე — რუსეთი. ეს ჩვენი ომი არ არის — ის სხვა კონტინენტზე მიმდინარეობს; ჩართული ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც შეუძლია ორივე მხარეს ესაუბროს. ზოგი ამბობს, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს უკრაინის დახმარება ომის დასრულებამდე — ეს რეალისტური არ არის. ეს არ მოხდება — ამ მასშტაბს ვერ შევინარჩუნებთ, და ვფიქრობ, არც რუსეთს შეუძლია ომი კიდევ ხუთი წლით გააგრძელოს“, — განაცხადა ინტერვიუში მარკო რუბიომ.
რუსეთის მიმართ უკიდურეს სიფრთხილეს ინარჩუნებს ნატო, სადაც დღეს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ის სიგნალებიც განიხილეს, რომლებიც მოსკოვიდან ბოლო საათებში მიიღეს. ალიანსი უკრაინის მხარდასაჭერად ერთიან პოზიციას ადასტურებს; განსხვავებული მოსაზრებები მხოლოდ ბელგიაში რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს უკავშირდება, რომელთანაც ბრიუსელს წინააღმდეგობა აქვს. ეს პოზიცია სხვა დედაქალაქებშიც ესმით, თუმცა უკრაინისთვის სარეპარაციო სესხის გამოყოფაზე მსჯელობა მაინც აქტიურია. არსებობს გეგმა იმ შემთხვევისთვისაც, თუ მოლაპარაკებების მიუხედავად მშვიდობის მიღწევა გართულდა და რუსეთმა ომზე უარი არ თქვა.
„ვერ გავაკეთებ კომენტარს პუტინის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული აკეთებს — სხვათა შორის, ფრონტიდან საკმაოდ შორს. სამშვიდობო პროცესი გრძელდება: წარმატებული შეხვედრები გაიმართა ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის ჟენევასა და მაიამიში, ხოლო გუშინ შეხვედრა შედგა მოსკოვშიც. მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესი გრძელდება და იმედი გვაქვს, ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს. თუ მოლაპარაკებები ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და შედეგი ვერ გამოიღო, რუსეთზე ზეწოლის საუკეთესო ორი გზა არსებობს: პირველი — რუსეთს უნდა გავაგებინოთ, რომ უკრაინაში შეიარაღების მიწოდება გაგრძელდება, რაც აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერით უკვე ხდება; მეორე — ეკონომიკური სანქციებია, რომლებიც ძალიან ეფექტიანია და რომელთა გაძლიერებასაც ახლა ვადევნებთ თვალს. აშშ და ევროპა მუშაობენ, რომ ეს ზომები მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს. ეს საუკეთესო გზაა, რომ პუტინის გათვლები შეიცვალოს. მიხარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო სამშვიდობო პროცესი, რომელიც მხოლოდ დონალდ ტრამპის ლიდერობით გახდა შესაძლებელი — ამ მიმართულებით ჩვენ აშშ-სთან აქტიური კოორდინაცია გვაქვს“, — ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.
მოსკოვში თავს არიდებენ კითხვას, იქნება თუ არა საახალწლო ზავი მხარეებს შორის იმ შემთხვევაში, თუ მანამდე სამშვიდობო პროცესი წარმატებით არ დასრულდა. დონალდ ტრამპის მიერ დათქმულ ვადებს პროცესი ჯერჯერობით ვერ მიჰყვება, თუმცა მხარეები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ, რათა თითქმის ოთხწლიანი ომი მყარ და ხანგრძლივ მშვიდობაში დასრულდეს.

