მთავარიაზიაისრაელიიერუსალიმში აპროტესტებენ ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაძლო შეწყალების საკითხს

იერუსალიმში აპროტესტებენ ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაძლო შეწყალების საკითხს

2 დეკემბერს იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის რეზიდენციის წინ მომიტინგეები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი არ დაეთანხმოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თხოვნას და არ შეიწყალოს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესის დასასრულებლად  ნეთანიაჰუმ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რათა გათავისუფლდეს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებისგან.

ისრაელის პრემიერის მოთხოვნამ მაშინვე გამოიწვია ოპონენტების კრიტიკა. მათი აზრით, შეწყალება დაასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პრემიერ-მინისტრის ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუკი პრეზიდენტი მას მართლაც შეიწყალებს, ეს იქნება მანიშნებელი, რომ იგი „კანონზე მაღლა დგას“.

„პრეზიდენტი ჰერცოგი მზადაა, განიხილოს ეს გარიგება, რომელიც ფარდის მიღმა დაიდო, ეს საშინელებაა და უნდა შევაჩეროთ. ხალხი აქციებს გამართავს. ჩვენ ვიბრძოლებთ სუფთა დემოკრატიისთვის, სუფთა ისრაელისთვის, მშვიდობისკენ მიმავალი ისრაელისთვის, კორუფციისგან თავისუფალი ისრაელისთვის, რომელსაც მომავალი აქვს და რომელიც არის და იქნება დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოდედ შტაინბერგმა.

2 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოშე იაალონმა იქ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ ნეთანიაჰუ ისრაელის სახელმწიფოს ანადგურებს.

„ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ჰერცოგს გადაწყვეტილების მიღებაში. იგი არ უნდა შეიწყალოს. შეწყალება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ბრალდებული აღიარებს, რომ დამნაშავეა. ამის გარეშე შეუძლებელია, მსგავსი რამ მოხდეს“, – აცხადებს აქციის მონაწილე ეფატ პელედი.

ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა. მას თაღლითობაში, ნდობის დარღვევასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს. მისი აზრით, ეს მედიის, პოლიციისა და სასამართლო ორგანოების მიერ შეთითხნილი საქმეა.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend