ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროპა ერთხელ და სამუდამოდ აპირებს, დაკეტოს რუსული წიაღისეული საწვავის ონკანი“ და გახდეს მოსკოვისგან სრულიად ენერგოდამოუკიდებელი.
მანამდე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ნედლი ნავთობის იმპორტი 26%-დან 2%-მდე შემცირდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ, შევძლებდით წარმატების მიღწევას ერთობლივად მოქმედებით, რომელიც ეყრდნობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს. ჩვენი გეგმის წყალობით, სახელწოდებით „ევროკავშირის აღორძინება“, ჩვენ გადავლახეთ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ ერთად ვზოგავდით ენერგიას, რითაც უზრუნველვყოფდით სრულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი მომწოდებლების დივერსიფიცირება, სანდო პარტნიორების არჩევით, ასევე ხელი მოვაწერეთ ახალ პარტნიორულ შეთანხმებებს, ინვესტიცია ჩავდეთ განახლებადი და ატომური ენერგიის წყაროებში. დღეს ჩვენი ელექტროენერგიის ნახევარი არის გამომუშავებული განახლებადი წყაროებიდან. თუკი ავიღებთ ატომურ და განახლებად წყაროებს, მაშინ მაჩვენებელი შეადგენს 74%-ს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. RePower EU ყოველ ზამთარს უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას. ის ამარაგებდა ელექტროენერგიით მთელ ევროპას – სკოლებსა და საავადმყოფოებს. ის უზრუნველყოფდა სახლების გათბობას მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ასე რომ, ეს არის ევროპული წარმატების ნამდვილი ისტორია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის უეცარი შემცირებით ბრიუსელი ასევე ამცირებს იმ შემოსავლებს, რომლებსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის იყენებს:
„ომის დასაწყისში ჩვენ რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის ყოველთვიურად 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით – ახლა კი თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე ვართ ჩამოსული, რაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ჩვენი მიზანია, ეს თანხა ნულამდე დავიყვანოთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე აგრესიის ფარგლებში რუსეთი ყოველ ზამთარს ესხმოდა თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ყოველ ზამთარს ევროპა ეხმარებოდა უკრაინას ელექტრომომარაგებაში“.
ევროკავშირის გეგმით, 2025 წლის ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი: რუსული თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილს, ხოლო მილსადენური გაზისთვის – 2026 წლის 17 ივნისს.
ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო. დიპლომატის განცხადებით, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ევროკავშირის სასამართლოში დაუყოვნებლივ გაასაჩივრებენ. მისივე თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

