პენტაგონმა ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო სახელწოდებით „სამხრეთის შუბი”. მისი დეკლარირებული მიზანი კარიბის ზღვაში ნარკოტერორიზმთან ბრძოლა და იმ კარტელების ბოლომდე აღმოფხვრაა, რომლებსაც შტატებში ნარკოტიკული საშუალებები შეაქვთ.
ამას წინ თეთრ სახლში გამართული შეხვედრა უძღოდა, რომლითაც გაერთიანებული შტაბისა და სხვა უწყებების მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ ტრამპს პრობლემის მოსაგვარებლად მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზეს. ამერიკული მედია წერს, რომ მათ შორის ვენესუელაზე სახმელეთო დარტყმა ერთ-ერთია.
President Trump ordered action — and the Department of War is delivering.
Today, I’m announcing Operation SOUTHERN SPEAR.
Led by Joint Task Force Southern Spear and @SOUTHCOM, this mission defends our Homeland, removes narco-terrorists from our Hemisphere, and secures our…
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 13, 2025
„პრეზიდენტმა ტრამპმა მოქმედების ბრძანება გასცა, ომის დეპარტამენტი კი მოქმედებს. ვაცხადებ ოპერაციას „სამხრეთის შუბი“. გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით ეს მისია დაიცავს ჩვენს სამშობლოს, ნარკოტერორისტებს მოაშორებს ჩვენს ნახევარსფეროს და დაიცავს ჩვენს სამშობლოს იმ ნარკოტიკებისგან, რომლებიც ჩვენს ხალხს კლავს. დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის სამეზობლოა და ჩვენ მას დავიცავთ”, – წერს X-ზე აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი.
ომის მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია, შესაბამისად უცნობია, რა ფორმა ექნება ნარკოკარტელებთან ბრძოლას კარიბის ზღვაში და რით იქნება ეს მისია განსხვავებული იმისგან, რასაც აშშ ლათინური ამერიკის წყლებში ბოლო პერიოდია ახორციელებს. კერძოდ, ნარკოკარტელებზე ჰაერიდან დარტყმით, რასაც ამ დროისთვის 80-მდე გადამზიდავი ემსხვერპლა. ვაშინგტონი რომ არ ხუმრობს, ამაზე მისი სამხედრო კონტინგენტიც მიუთითებს რეგიონში. პუერტო-რიკოში დისლოცირებული ამერიკული ავიამზიდი ჯერალდ ფორდი, გამანადგურებლები, ათობით სამხედრო გემები და თვითმფრინავები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც უკანასკნელ კვირებში შტატებმა მეზობელ კონტინენტზე განათავსა 12 000 მდე მეზღვაურითა და საზღვაო ქვეითით.
#Readiness:
A U.S. Marine with @22nd_MEU conducts battery training aboard USS Iwo Jima. U.S. military forces are deployed to the Caribbean in support of the #SOUTHCOM mission, @DeptofWar-directed operations, and @POTUS‘ priorities to disrupt illicit drug trafficking and protect… pic.twitter.com/kLaxdHcNKq— U.S. Southern Command (@Southcom) November 13, 2025
„აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დანაყოფი კარიბის რეგიონში ატარებს სწავლებას ამფიბიურ შემტევ ხომალდზე, რათა მხარი დაუჭიროს სამხრეთ სარდლობას ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომის დეპარტამენტის ოპერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის პრიორიტეტია, აღკვეთონ უკანონო ნარკოვაჭრობა და დაიცვან სამშობლო”, – წერს X-ზე აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.
აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა რამდენიმე თვეა, გრძელდება. აშშ-ის ოფიციალური პირები ნარკოკარტელებში ვენესუელელი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, პირად მონაწილეობაზე საუბრობენ და თეთრი სახლის მიერ არაღიარებული პრეზიდენტისადმი არამეგობრული გზავნილებით შემოიფარგლებიან. კარაკასში თვლიან, რომ ვაშინგტონის რეალური მიზანი სწორედ პრეზიდენტი მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ნიკოლას მადურო თვლის, რომ ვაშინგტონი ვენესუელას ირგვლივ მცდარ ნარატივს ქმნის, რომელსაც უცნაურსაც კი უწოდებს. ამერიკული ზეწოლის ფონზე მას მოსახლეობის ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ ვართ მართლები, რადგან ვიცავთ ჩვენს მიწასა და მშვიდობის უფლებას. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გვაქვს ძალა. რა მშვენიერია, რომ ამის თქმა შეგვიძლია. ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ტრიუმფს სუვერენობის, მშვიდობისა და იმ საზოგადოების გზაზე, რომელიც უნდა ავაშენოთ”, – უთხრა მხარდამჭერებს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
კარიბის ზღვაში ამერიკული საბრძოლო ხომალდების განთავსების პარალელურად, ადგილზე წვრთნებს ატარებს ვენესუელა. მასში 200 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, სამართალდამცველი თუ მოხალისე იღებს მონაწილეობას, რომლებიც მადუროს მთავრობასთან არიან აფილირებულები. კარაკასი ხვდება, რომ მისი მოკავშირე რუსეთის იმედი ვერ ექნება.
უკრაინის ომით გადაღლილი მოსკოვი გულგრილად შეხვდა ნიკოლას მადუროს იმ წერილსაც, რომელშიც ის რაკეტებსა და რუსული წარმოების მოიერიშეების შეკეთებას ითხოვდა. მოსკოვი ვაშინგტონთან შესაძლო კონფრონტაციას მოერიდება. თუ ვითარება გართულდა, ვენესუელის სახით კრემლი აშშ-ის მეზობლად ყველაზე ახლო მოკავშირეს დაკარგავს.
„იმედი გვაქვს, რომ არ იქნება მიღებული იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც კარიბის აუზისა და ვენესუელას ირგვლივ ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს. იმედია, რომ ყველაფერი საერთაშორისო სამართალთან იქნება შესაბამისობაში”, – ასე შეაფასა მოვლენები კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
დონალდ ტრამპის ახალ სამხრეთ-ამერიკულ კამპანიაზე დამატებითი კომენტარები არც პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და არც პენტაგონში გაკეთებულა. ოპერაცია „სამხრეთის შუბის” მასშტაბები ჯერ ისევ გამოსაკვეთია.


