BBC-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში გადაცემა Panorama-ს ეპიზოდისთვის, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა რედაქტირებული ფორმით გადაიცა ეთერში.
BBC-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის გამოსვლა მცდარ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა მოსახლეობას ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირ მოუწოდა.
“ვეთანხმებით, რომ ჩვენმა მონტაჟმა უნებლიეთ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვაჩვენებდით გამოსვლის ერთ უწყვეტ მონაკვეთს და არა სხვადასხვა გამოსვლიდან ამონარიდებს და რომ ამან მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ“, – ნათქვამია BBC-ის განცხადებაში.
შეცდომის აღიარების მიუხედავად, BBC-ში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნა უსაფუძვლოა. დონალდ ტრამპის ადვოკატები BBC-ს დაემუქრნენ, რომ ისინი მედიასაშუალებას ერთი მილიარდი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით უჩივლებდნენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდიდა და შესაბამის კომპენსაციას არ გადაიხდიდა. BBC-სა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს დოკუმენტურ ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად იყო დამონტაჟებული, რათა ისე წარმოჩენილიყო, თითქოს ტრამპმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობა წაახალისა. ინციდენტის შემდეგ თანამდებობები დატოვეს BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმა.


