„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა კანადაში გამართული შეხვედრების შემდეგ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის თვალსაზრისით. მინისტრების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„დავადასტურეთ მიმდინარე დისკუსიები დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტებზე, მათ შორის ჩვენს იურისდიქციებში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების კოორდინირებული გზით გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად. მკაცრად დავგმეთ რუსეთის ბოლოდროინდელი პირდაპირი თავდასხმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა კანადამ. ქვეყნის მთავრობამ კი სანქციები შეახო იმ 13 ადამიანსა და 11 ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთის დრონების პროგრამაში არიან ჩართულები.
„კანადა გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. საერთაშორისო კუთხით უკრაინის სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისინი, ვინც რუსეთის ომს ხელს შეუწყობს, კანადის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა.
კანადაში მიმდინარე დიდი შვიდეულის შეხვედრებზე, რომლებსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც ესწრებოდა, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის 25 ერთეულის შესყიდვა სურს. ანდრეი სიბიჰას განცხადებით, დღეს რუსული აგრესიისგან უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაახლოებით მილიონი უკრაინელი იცავს. მისი თქმით, ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და მას ღრმა გავლენა აქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს მშვიდობის უარყოფასა და ტერორის ესკალაციას. პუტინს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მას შეუძლია გამარჯვება. სინამდვილეში, მან დაკარგა ერთ მილიონზე მეტი ჯარისკაცი და ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ უნდა გავხადოთ ამ ომის გაგრძელების ფასი აუტანელი და საშიში პირადად პუტინისა და მისი რეჟიმისთვის. საკმარისი ზეწოლა რუსეთს აიძულებს დაასრულოს თავისი ომი“, – განაცხადა ანდრეი სიბიჰამ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

