კანადასთან ერთად ევროკავშირმა ბლოკთან დაკავშირების ახალი გზისთვის გახსნა კარი – თანაც ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპის კონტინენტზეც კი არ მდებარეობენ. დანარჩენი მსოფლიო კი ამას დიდი ყურადღებით აკვირდება.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ამ წლის დასაწყისში დავოსში წარმოთქმულ მნიშვნელოვან სიტყვაში, საშუალო ძალების ალიანსის იდეას ჩაუყარა საფუძველი. რამდენიმე თვის შემდეგ კი კანადამ შესაძლოა ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი მოდელი შექმნას.
ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპრეცედენტო შეთანხმების ფარგლებში, რომლის დეტალებიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, კანადას შესთავაზა, ევროკავშირის „პირველი ასოცირებული წევრი“ გამხდარიყო.
მარკ კარნიმ ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანადა-ევროკავშირის ალიანსი სხვა დემოკრატიებისთვის მაგალითს შექმნიდა.
„ჩვენ არ ვართ მოკავშირეები, რომლებიც მხოლოდ კარგ დროს დგანან ერთმანეთის გვერდით. ჩვენ არ ვეძებთ გარიგებებს, რომელშიც ერთი მხარის მოგება მეორის წაგებაა. კანონის უზენაესობისადმი ჩვენი ერთგულება და ადამიანის ღირსების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და დემოკრატიის მტკიცედ დაცვა ერთსა და იმავე ღრმა ფესვებს და ურყევ ერთგულებას ეფუძნება. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რომელთათვისაც ყოველთვის ვიბრძოდით და რომელთა დასაცავადაც ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა თვითმიზანი კი არა, საზოგადოების გარდაქმნის საშუალებაა.
კანადასა და ევროპას გეოგრაფია არ აკავშირებთ, თუმცა ჩვენმა დანიელმა მეგობრებმა იციან, რომ არქტიკაში 3 000-კილომეტრიან საზღვარს ვიზიარებთ. ჩვენ მიზიდულობა გვაკავშირებს – ნებაყოფლობითი, გაცნობიერებული, არჩეული და განახლებული ურთიერთობა, რომელიც სწორედ ამის გამოა უფრო ძლიერი“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
ევროკავშირის კანონმდებლობა ამჟამად „ასოცირებულ წევრობას“ არ ითვალისწინებს. „ასოცირებულ იწევრობის“ იდეა პირველად გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა წამოაყენა, როგორც უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ინოვაციური გზა, თუმცა ეს წინადადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო.
ამ ეტაპზე ევროკავშირს მხოლოდ წევრი სახელმწიფოები და კანდიდატი ქვეყნები ჰყავს. ამასთან, კანადას ბლოკში გაწევრიანების განზრახვა არ აქვს, როგორც კარნიმ არაერთხელ განაცხადა, და ეს ისედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან კანადა ევროპული ქვეყანა არ არის.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს ასოცირებული წევრის სტატუსი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ერთი რამ აშკარაა: როგორი შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს ბრიუსელსა და ოტავას შორის, ის მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცევა და დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებს ევროკავშირი სხვა პარტნიორებთან.
