აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელელ კოლეგას პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამ შინაარსის წერილი დონალდ ტრამპმა ისააკ ჰერცოგს უკვე გაუგზავნა. მასში წერია, რომ ისრაელის დიადი სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მიერ ურთულესი სამი წლის გადალახვის შემდეგ, დადგა დრო, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებით პრემიერს მიეცეს ქვეყნის გაერთიანების საშუალება.
შესაბამისად, პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს პრეზიდენტ ჰერცოგს სრულად შეიწყალოს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ადამიანი,რომელიც დონალდ ტრამპის შეფასებით, ომში მყოფი ქვეყნის ხისტი და გადამწყვეტი ლიდერი იყო, რომელიც ახლა ისრაელს მშიდობისკენ მიუძღვება.
„სრულად ვცემ პატივს ისრაელის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მის მოთხოვნებს. მჯერა, რომ ეს „საქმე“ ბიბის წინააღმდეგ – რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იბრძოდა, მათ შორის ისრაელის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის, ირანის წინააღმდეგ – არის პოლიტიკური და გაუმართლებელი დევნა”- წერს წერილში ტრამპი.
ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალების შესახებ მოთხოვნა მან პირველად ისრაელში ბოლო ვიზიტისას ქნესეთში გააჟღერა. საკითხზე, ისრაელის პეზიდენტი ხისტი პოზიციის დაკავებას ერიდება, მის ოფისში აცხადებენ,რომ შეწყალებას შესაბამისი პროცედურები ახლავს თან,მათ შორის კი არის შეწყალების თაობაზე ოფიციალური მიმართვა. ამასთან ჰერცოგი ადასტურებს დონალდ ტრამპის მიმარტ პატივისცემასა და მის ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალი აქვს წაყენებული, მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეები ამ დრომდე მიმდინარეობს.


