აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერებმა რეგიონული საკითხები და ამერიკასა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ალ-შარაას „ძლიერი ლიდერი“ უწოდა.
ალ-შარაას ოდესღაც კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ქაიდასთან და მისი მოკვლის სანაცვლოდ აშშ-მა 10 მილიონი დოლარის ჯილდოც კი დააწესა, თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა, აშშ-მა ალ-შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.
ტრამპმა შეხვედრის პოლიტიკური დეტალები არ გაამხილა, თუმცა თქვა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს, რადგან ის ახლო აღმოსავლეთის ნაწილია.”
„ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით. ის ძალიან ძლიერი ლიდერია, ისეთი ადგილიდან მოდის, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა. მომწონს და ვაფასებ, რომ სირიის ბატონი ალ-შარაა ახალი პრეზიდენტია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს, რადგან ის ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაა, უამრავი წლის განმავლობაში ნამდვილად პირველად ხდება. თუ სირიის წარსულს გადახედავთ, მათგან უამრავი ექიმი და უირისტი მოდის. მათგან ძალიან ბევრი, უდიდესი ინტელექტის მქონე პროფესიონალი მოდის. სირია საოცარი ადგილია შესანიშნავი ხალხით და ჩვენ გვინდა, რომ წარმატებული იყოს დანარჩენ ახლო აღმოსავლეთთან ერთად. ვფიქრობ, რომ ბატონ ალ-შარაას შეუძლია ამის გაკეთება. ის ასევე ძალიან კარგად ეწყობა თურქეთს და მის შესანიშნავ ლიდერს, პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს მხარს უჭერს“,-ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ალ-შარაას ვიზიტი სირიის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი იყო თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ 1946 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
თავად ალ-შარაა მეამბოხე ძალებს მეთაურობდა, რომლებმაც გასული წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაამხეს და იანვარში ალ შარაა ქვეყნის დროებით ლიდერად დაინიშნა.
„მე და პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციების მოხსნაზე ვისაუბრეთ. თავის მხრივ გაეროს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ უშიშროების საბჭომ მოხსნას სანქციები ჩემთვის და ახლო აღმოსავლელი ლიდერებისთვისაც. ჩვენ ვისაუბრეთ სირიაში მომავალი ინვესტიციების შესაძლებლობებზე. გვინდა, რომ სირია როგორც საფრთხე აღარ აღიქმებოდეს, არამედ განიხილებოდეს, როგორც გეოპოლიტიკური მოკავშირე და გახდეს ადგილი, სადაც შეერთებული შტატები დიდ ინვესტიციებს განახორციელებს.
რაც შეეხება ალ-ქაიდას და ჩემს კავშირს ამ დაჯგუფებსთან – მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ანუ ძალიან ახალგაზრდა და იმ დროს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლებამოსილება არ მქონდა. ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ მაქვს, უბრალოდ ალ-ქაიდა იმ დროს ჩემს ტერიტორიაზე მმართველობდა. ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ომისგან იტანჯება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ომის საფასურს იხდიან, უზარმაზარ საფასურს“,-ამბობს აჰმედ ალ-შარაამ, სირიის პრეზიდენტი.
