მთავარიაზიაისრაელიისრაელელი ჯარისკაცი ოზ დანიელი გატაცებიდან ორი წლის შემდეგ, სამშობლოში დაკრძალეს

ისრაელელი ჯარისკაცი ოზ დანიელი გატაცებიდან ორი წლის შემდეგ, სამშობლოში დაკრძალეს

ისრაელელი ჯარისკაცი ოზ დანიელი 6 ნოემბერს, გატაცებიდან ორი წლის შემდეგ, ისრაელში, დაკრძალეს. 19 წლის ოზ დანიელი ტანკის ეკიპაჟის წევრი იყო. იგი 2023 წლის 7 ოქტომბრის იერიშებისას „ჰამასის“ მებრძოლებმა მოკლეს, ცხედარი კი გაიტაცეს. მისი და სხვა ორი ისრაელელი მძევლის ცხედრები ისრაელში კვირას, 2 ნოემბერს, გადმოასვენეს.

„ორწლიანი მოლოდინის, ლოცვის, უძილო ღამეების შემდეგ საბოლოოდ დაბრუნდი სახლში. არ მეგონა, რომ ერთმანეთს ასე შევხვდებოდით. წარმოვიდგენდი სოლმე,  როგორ მიგიღებდი. ამ ტკივილის მიუხედავად, ვგრძნობ ნუგეშს, შვებას, რადგან აქ ხარ, ამ მიწაზე, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა“, – ამბობს ოზ დანიელის დედა, მერავ დანიელი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 13 სექტემბერს, „ჰამასმა“ 20 მძევალი გაათავისუფლა. დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნება სამშვიდობო შეთანხმების საწყისი ფაზის მნიშვნელოვანი კომპონენტია.  შეთანხმების ფარგლებში ღაზიდან ისრაელში  22 მძევლის ცხედარი გადმოასვენეს.  ცხედრების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ოზ დანიელის დაკრძალვის დროსაც ისაუბრა.

„შფოთვის, ტკივილისა და მწუხარების ორი წელი გავიდა. იმ მწარე და საბედისწერო დღეს დაწყებული ტანჯვის ციკლი საბოლოოდ დასრულდა, რადგან ოზი ჩვენთან დაბრუნდა, თავის სამშობლოში.  მერავ, ამირ, ჰადარ,  დანიელის შესანიშნავი ოჯახის წევრებო, თქვენი შინაგანი სიმშვიდე, თქვენი შინაგანი ძალა ყოველთვის შთაგვაგონებდა. თქვენ მოგვეცით კეთილშობილებისა და სიყვარულის მაგალითი, რომელიც ჩვენში სამუდამოდ იქნება აღბეჭდილი“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ღაზიდან ჯერ კიდევ ელიან ექვსი მძევლის ცხედრის გადმოსვენებას, მათ შორისა ერთადერთი არაისრაელელი მძევალი, ტაილანდელი სუდთისაკ რინთალაკი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend