მთავარიაზიაისრაელიისრაელმა პალესტინის მხარეს დამატებით 15 დაღუპულის ცხედარი გადასცა

ისრაელმა პალესტინის მხარეს დამატებით 15 დაღუპულის ცხედარი გადასცა

5 ოქტომბერს დეირ ალ-ბალაჰში დაკრძალეს 20-ზე მეტი პალესტინელი, რომელთა ცხედრები ისრაელმა პალესტინის მხარეს  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გადასცა.

ცხედრები ბულდოზერით გადაასვენეს და გვერდიგვერდ დაკრძალეს საერთო სასაფლაოზე.

ღაზის უდიდესი საავადმყოფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელიდან კიდევ 15 პალესტინელის ცხედარი გადმოასვენეს. გასულ თვეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ისრაელი ყოველი ისრაელელი მძევლის ცხედრის სანაცვლოდ პალესტინას 15 ცხედარს  გადასცემს.

ხან-იუნისში ნასერის საავადმყოფოს ექიმი აჰმედ დაჰირი ამბობს,  რომ ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, გადმოსვენებული ცხედრები გახრწნილი იყო, რაც იდენტიფიკაციის პროცესს ართულებს.

„დღეს გადმოსვენებული ცხედრები, მათგან 15, გახრწნილია. ჯერ ჩვენ კომისიასთან ერთად შემოწმებისა და დოკუმენტების შედგენის პროცესში ვართ. ყველა არსებულ შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაა, რაც ხელს უშლის მათ იდენტიფიკაციას“, – განაცხადა ნასერის საავადმყოფოს ექიმმა, აჰმედ დაჰირიმ.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა ზავის მიღწევის შემდეგ ღაზაში 285 პალესტინელის ცხედარი დააბრუნა.

მაგრამ ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლებს დნმ-ის ანალიზის გარეშე უჭირთ დაღუპულთა ვინაობის ამოცნობა. თუმცა 84 ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.

ნასერის საავადმყოფოში, დროებით გაშლილ კარავში, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს პროექტორის მეშვეობით ცხედრების ფოტოებს აჩვენებენ იმ იმედით, რომ თავიანთ ახლობლებს ამოიცნობენ.

„დროდადრო საავადმყოფოში მოვდივარ, როდესაც დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენების შესახებ ვიგებ. ჩემი შვილი 7 ოქტომბერს დავკარგე. ის  ბიჭებთან ერთად გავიდა და გაქრა. ვერ ვიპოვე და ვერც ვერაფერი გავიგე.  იმედი მაქვს, იმას მაინც შევიტყობ,  ცოცხალია თუ მკვდარი. დავუკავშირდი „წითელ ჯვარს“ და ყველანაირი ონლაინპროცედურა დავასრულე, მაგრამ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. მინდა, რომ მისი ნახვა შემეძლოს. უნდა ვიცოდე, ცოცხალია თუ მკვდარი“, – აცხადებს ერთ-ერთი დაკარგული პალესტინელის დედა, ღადა აბუ ლოლი.

ცხედრების გაცვლის პროცესი შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საწყისი ფაზის მნიშვნელოვანი ეტაპია. შეთანხმების მიხედვით,  პალესტინიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადმოასვენონ ცხედრები. გაცვლის პროცესი არ შეწყვეტილა არც მაშინ, როდესაც ისრაელმა და „ჰამასმა“  ერთმანეთი დაადანაშაულეს შეთანხმების სხვა პირობების დარღვევაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend