მთავარიმსოფლიოევროპაუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე აუდიტორიას რუსულად მიმართა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე აუდიტორიას რუსულად მიმართა

ბელარუსის დედაქალაქში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სიტყვით რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა. მან იქვე დასძინა, რუსულ ენაზე გამოსვლისთვის ბევრის კრიტიკას დაიმსახურებდა. სიიარტომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მოლაპარაკების გამართვა უნგრეთში შესთავაზა.

„ყველა ევროპელმა ხელის შეშლის მცდელობის ნაცვლად, ხელი უნდა შეუწყოს პრეზიდენტ ტრამპს, რომ მისი სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს. ჩვენ, უნგრელები სიამაყით ვთავაზობთ ბუდაპეშტს, ადგილს, სადაც შეიძლება გაიმართოს მომდევნო სამშვიდობო სამიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ბელარუსში ვიზიტისას, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთანაც გამართა შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით იმ პრინციპებს დაიცავს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის სამიტზე ალასკაში შეათანხმეს. მისივე განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტს NATO-ს ევროპელი წევრები ახანგრძლივებენ კიევისთვის იარაღის მიწოდებითა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერით.

კონფერენიაში მონაწილეობდა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური დელეგაციაც. სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ განაცხადა, რომ ევრაზიის რეგიონში არსებულ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გააგრძელებს თავდაცვის, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული სუვერენიტეტისა და განვითარების უფლების უზრუნველსაყოფად. ევრაზიის რეგიონში ყველა სახის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და გავერთიანდეთ“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ უმასპინძლა. მისი განცხადებით, ბელარუსსა და რუსეთს ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვთ და დასძინა, რომ მათ „ესკალაცია არ სჭირდებათ.“

ლუკაშენკა ამბობს, რომ რუსეთი და ბელარუსი „მიზანში არავის იღებენ“ და რომ ამ ქვეყნების მიმართ ბრალდებები „სრული სისულელეა“. მან „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა ლიეტუვის მიერ ჰელიუმის ბუშტების საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, ბელარუსთან საზღვრის დახურვასაც, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მომხდარში მინსკია დამნაშავე, ბოდიშს საჯაროდ მოიხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend