ევერესტის ჩრდილოეთი ფერდობზე ადამიანი თხილამურებით პირველად დაეშვა. ეს კი მოთხილამურემ და მთასვლელმა, ჯიმ მორისონმა შეძლო. რამდენიმეწლიანი მომზადების შემდეგ, ჯიმ მორისონი მწვერვალის ჩრდილოეთ ფერდობზე 15 ოქტომბერს ავიდა. მანამდე ეს მარშრუტი მხოლოდ ხუთ სპორტსმენს ჰქონდა გავლილი.
ჯიმ მორისონ 50-გრადუსიანი დახრილობის ფერდობზე დაეშვა, რომლის სიგრძეც 2743 მეტრია. ის პირველი ადამიანი გახდა, ვინც ევერესტის ყველაზე რთული მარშრუტი, მწვერვალის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარე ცნობილი ჰორნბეინის კულუარი, თხილამურებით გაიარა.
„რამდენიმე კვირის წინ, 15 ოქტომბერს, ჩვენ პლანეტის ყველაზე მაღალი მთის, ევერესტის ჩრდილოეთ ფერდობზე ავედით. მწვერვალამდე, ეს მარშუტი წარამატებით მხოლოდ ხუთ ადამიანს ჰქონდა გავლილი. ჩვენ კი მწვერვალზე 12-კაციანი ჯგუფით ავედით. შემდეგ თხილამურები ჩავიცვი და ჰორნბეინიდან იაპონიის კულუარში, 3 კილომეტრამდე მანძილი დავფარე. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ეს დედამიწაზე საუკეთესო სათხილამურო ტრასაა“, – ამბობს ჯიმ მორისონი.
15 ოქტომბრის ისტორიული დაშვება National Geographic-ის მკვლევარმა და ფოტოგრაფმა, ჯიმი ჩინმა გადაიღო. ის National Geographic-ისთვის ჯიმ მორისონის მიღწევაზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს.
„გარკვეულწილად ეს ჩემითვისაც მწვერვალია, რადგან ეს ყველაზე განსაკუთრებული ისტორიაა, რომლის მოყოლის შესაძლებლობაც კი ოდესმე მომცემია. ეს ყველაზე თამამი ოცნების ახდენაა. ძალიან მიმზიდველია გააკეთო ის, რაც ამდენმა ადამიანმა სცადა და წარუმატებლად დასრულდა. ასეთი რამის გაკეთებაზე ყველას გვიოცნებია,” – ამბობს ჯიმი ჩინი.
წარსულში ევერესტის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვება მრავალმა მოთხილამურემ სცადა, თუმცა აქამდე ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ფერდობზე დაშვებისას მოთხილამურეების უმეტესობა მძიმედ დაშავდა, რამდენიმე კი დაიღუპა.
