30 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შესაძლოა ერთმანეთს სამხრეთ კორეაში შეხვდნენ.
ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ. ორი ქვეყნის ლიდერების სამიტი დონალდ ტრამპის „აზიის ტურის“ ფარგლებში გაიმართება.
„შესაძლოა, მე და სი ძინპინი შევხვდეთ. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ. ცოტა ხნის წინ თანხმობა მივიღეთ. ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტ სი ძინპინსგან პირველადი თანხმობა გვაქვს. ველოდებით საბოლოო პასუხს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი 27 ოქტომბერს ტოკიოს ეწვია, სადაც ის იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი აზიაში შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ხვდება, მისი იქ ყოფნის მიზეზი ბუნდოვანი რჩება. სავარაუდოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ტარიფების დაწევის სანაცვლოდ, იაპონიიდან 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მიღებას შეეცდება.
სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. არჩევის მომენტიდან მან ღიად განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე იზრუნებს. მისმა მთავრობამ უკვე გამოთქვა სურვილი ვაშინგტონისგან იარაღი იყიდოს, რასთან დაკავშირებითაც დონალდ ტრამპმა საპასუხო მზადყოფნა განაცხადა.
„ვიცი, რომ თქვენს სამხედრო შესაძლებლობებს ზრდით და მივიღეთ თქვენი მოთხოვნა ძალიან დიდი რაოდენობით ახალი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ალბათ, იცით, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ვაწარმოებთ – თვითმფრინავებს, რაკეტებსა და ყველაფერს. იმედია, მათი გამოყენება არასდროს დაგვჭირდება. თუმცა ვაფასებთ ამ შეკვეთას და ძალიან ვაფასებთ თქვენთან სავაჭრო ურთიერთობას. ახალ სავაჭრო შეთანხმებას ვაფორმებთ და ეს შეთანხმება ძალიან სამართლიანია. ამას მოუთმენლად ველით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ორივე ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი მიზანი, უზრუნველყონ სტაბილური ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი.
