აზიის ყველაზე გრძელ მღვიმეში აღმოჩენილია გიგანტური პანდების 52 ნამარხი. ამ მღვიმეს შუანჰე ჰქვია და ის ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, გუიჯოუს პროვინციაში, მდებარეობს.
მკვლევრები ამბობენ, რომ 52 ნეშტს შორის 6 ბოლოდროინდელი სამეცნიერო ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. მათი თქმით, მღვიმეში აქამდეც მრავალი ძუძუმწოვრის ნამარხია ნაპოვნი, თუმცა გიგანტური პანდის ნამარხები ყველაზე გამორჩეულია. მათი თქმით, ეს აღმოჩენა იმის დასტურია, რომ ისინი გუიჯოუში 100 000 ან უფრო მეტი წლის წინ ბინადრობდნენ. კბილების ანალიზით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გიგანტური პანდების უმეტესობა ნახევრადზრდასრულები ან ზრდასრულობის ასაკს ახლად მიღწეულები იყვნენ.
„შუანჰე მსოფლიოში ყველაზე გრძელი დოლომიტის მღვიმეა. გარდა ამისა, პალეონტოლოგიურ ნამარხებს შორის ამჟამად გიგანტური პანდების 52 ნამარხი აღმოვაჩინეთ. ეს ნაშთები მნიშვნელოვანი დასტურია უძველესი სახეობების ევოლუციისა და ცვლილებებისა ეკოლოგიურ გარემოში“, – ამბობს გუიჯოუს მთის რესურსების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჟოუ ვენლონგი.
„მღვიმეებისა და გასასვლელების მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ადამიანები შესაძლოა ამ მღვიმეს ხაფანგად იყენებდნენ. მისი ფართო გასასვლელები კარგი თავშესაფარი იყო ცხოველებისთვის. აღმოჩენილ ნეშტებს ადამიანის ჩარევისა და ცეცხლის გამოყენების აშკარა კვალი აჩნდა. სავარაუდოა, რომ მონადირეები ჩირაღდნებს ან მსგავს ხელსაწყოებს იყენებდნენ ცხოველების მღვიმეში უფრო ღრმად შესატყუებლად. ასევე მღვიმესთან ახლოს არის შახტი და სავარაუდოა, რომ შეშინებული ცხოველები, შესაძლოა, ვარდებოდნენ მასში, მონადირეები კი ხორცის ამოსატანად ჩადიოდნენ. შახტში აღმოაჩინეს ცეცხლის გამოყენების დამატებითი მტკიცებულებები, აქვე აღმოჩენილი იყო დამწვარი ძვლები“, – ამბობს გუიჯოუს მეცნიერებათა აკადემიის მთის რესურსების ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ვანგ დეიუანი.
ამ ადგილას აღმოჩენილი მრავალი კიდურის ძვალი და თავის ქალა ასევე საშუალებას აძლევს მეცნიერებს, შეისწავლონ სახეობის სხეულის წონის ევოლუციური ცვლილებები.
შუანჰეს მღვიმე აზიაში ყველაზე გრძელია, მსოფლიოში კი სიგრძით მესამეა. 1980-იანი წლების ბოლოდან იქ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციები ტარდება.

