აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გვიან ღამით მოულოდნელად გამოაცხადა, რომ შეწყვიტა ყველა სავაჭრო მოლაპარაკება კანადასთან.
მიზეზად დასახელდა სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულია პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ხმა აშშ-ის ტარიფების კრიტიკის მიზნით.
ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ ტრამპი „ძალიან უკმაყოფილო“ დარჩებოდა 60-წამიანი ვიდეოთი, რომელიც ამერიკელებს აფრთხილებს, რომ ტარიფებმა საბოლოოდ შესაძლოა სწორედ მათ სამუშაო ადგილები დააზარალოს.
„რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც თითქოს რეიგანი ტარიფებზე ნეგატიურად საუბრობს,“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
„მათ ეს გააკეთეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მიზნით. ტარიფები უმნიშვნელოვანესია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი ქცევის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით დასრულებულია.“
ცოტა უფრო ადრე, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეკლამა „აშკარად იყენებს“ რეიგანის 1987 წლის 25 აპრილს გაკეთებულ რადიომიმართვას, რომელიც თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ეხებოდა.
ფონდმა აღნიშნა, რომ ონტარიოს ხელისუფლებამ „არც მოითხოვა და არც მიიღო ნებართვა“ ამ მიმართვის გამოყენებისა და რედაქტირებისთვის და ამჟამად განიხილავს სამართლებრივ ნაბიჯებს.
„გეპატიჟებით, უყუროთ პრეზიდენტ რეიგანის დაუმონტაჟებელ ვიდეოს ჩვენს YouTube არხზე,“ — აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.


