ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ევროპაში კვლავ განიხილავენ. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან ათი დღის შემდეგ, ლუქსემბურგში შეკრებილმა 27 ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვითარება „მყიფედ“ შეაფასა.
შესაბამისად, განმარტეს, რომ ისრაელის ხელისუფლებაზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. ისრაელის შესახებ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
„ცეცხლის შეწყვეტამ კონტექსტი შეცვალა, ეს ყველასთვის ნათელია. თუმცა თუ ადგილზე რეალურ და მდგრად ცვლილებებს არ დავინახავთ, მათ შორის, თუ ღაზას უფრო მეტი დახმარება არ მიეწოდა, სანქციების საფრთხე კვლავ აქტუალური იქნება“, – განმარტა კაია კალასმა.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჟურნალისტებისა და ჰუმანიტარული დახმარების წარმომადგენლებისთვის ღაზის სექტორში შეშვება და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუზღუდავი შესაძლებლობა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეს ევროკომისიას ისრაელის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდა და ეს ზომებია: ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება, ორმხრივი დახმარების გაყინვა და ინდივიდუალური სანქციების დაწესება ორი ისრაელელი ულტრამემარჯვენე მინისტრისა და დასავლეთ სანაპიროზე მყოფი ისრაელელების წინააღმდეგ.
ისრაელი და „ჰამასი“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

