მთავარიაზიაისრაელიმძევლების გათავისუფლების ფონზე დონალდ ტრამპს ქნესეთში ოვაციებით დახვდნენ

მძევლების გათავისუფლების ფონზე დონალდ ტრამპს ქნესეთში ოვაციებით დახვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტს კი, ისრაელში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ისრაელელი ხალხი და მთავრობა მადლობას უხდის დონალდ ტრამპს გლობალური ლიდერობისთვის, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების დაბრუნება შესაძლებელი გახადა.

„მას შემდეგ, რაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადეთ და საელჩო აქ გამოიტანეთ – ეს აქ თქვენი პირველი ვიზიტია და მადლობას გიხდით ამისათვის. არსებობს ბევრი სხვა მიზეზი მადლობისათვის – გმადლობ ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის გოლანის მთებზე, გმადლობ გაეროში ისრაელის წინააღმდეგ ტყუილების მხილებაში, გმადლობ თქვენ სამშვიდობო გეგმაში ჩვენი მიწის ებრაელი ხალხის მიწად აღიარებისთვის, გმადლობ ჩვენი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერისთვის – ეს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც თეთრ სახლში ოდესმე მჯდარა.

ამაზე მეტი არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის, ახლოსაც კი არ მისულა ვინმე. ჩვენ გვახსოვს 7 ოქტომბერი, გვახსოვს ახალგაზრდა ისრაელელები მუსიკის ფესტივალიდან რომ გაიტაცეს – ამ მონსტრებმა ბავშვები ტყვედ აიყვანეს და ამის მიუხედავად ისრაელმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა – ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და დავამარცხეთ მტრები. ამ გამარჯვებების ფასი კი იყო უმძიმესი”, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას.

საკუთარი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის წარმატების აღნიშვნა პრეზიდენტმა  ტრამპმა სწორედ ახლო აღმოსავლეთში გადაწყვიტა. დონალდ ტრამპს ისრაელის საპარლამენტო უწყებაში, „ქნესეთში” საგანგებო დახვედრა მოუწყვეს, ისევე როგორც მის ფართო დელეგაციას, რომლითაც ის ისრაელში ჩაფრინდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა არა მხოლოდ ისრაელელი ტყვეების დაბრუნებაში გაწეული წვლილისთვის, არამედ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის ყველა პლატფორმაზე, იქნება ეს დიპლომატიური თუ სამხედრო მიმართულება.

„ეს ახალი ახლო აღმოსავლეთია. მადლობა მინდა ვუთხრა უდიდეს პატრიოტს, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ის არაა მარტივი კაცი, ამიტომაც არის დიდი ადამიანი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს უდიდესი ტრიუმფია ისრაელისა და მთელი მსოფლიოსთვის. ეს იყო მშვიდობისთვის პარტნიორობის მაგალითი. თაობები ამიერიდან დაიმახსოვრებენ მომხდარს, როგორც მომენტს, როდესაც ყველაფრის შეცვლა დაიწყო უკეთესობისკენ. ეს იქნება ისრაელის ოქროს ხანა და ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა. მადლობა ამ შეუფასებელი დახმარებისთვის – რაც მოხდა შეუძლებელი იყო, ბევრი ამბობდა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავდით, მაგრამ ჩვენ ნიჭიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდით, რაც მთავარია მათთან ერთად, ვისაც ახლო აღმოსავლეთი ძალიან უყვარდა. ასეთია სტივენ უიტკოფიც.

მას მანამდე ეს საქმე არ უკეთებია, ის მე ავარჩიე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ  კარგი ბიზნესმენია, ასეთს ბევრს ვიცნობ, ის ძალიან კარგი მომლაპარაკებელია და ასევე ის უბრალოდ ყველას ძალიან უყვარს. ასეთია ჯარეტ კუშნერიც, ის ძალიან ბერ რამეში დაგვეხმარა… კაცი სახელად მარკო რუბიო, რომელიც აქაა. ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი სახელმწიფო მდივანი იქნება და მე ამის მჯერა. ტყვეები დაბრუნდნენ!!! – რა სასიამოვნო ყოფილა ამის თქმა”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მადლობა გადაუხადეს დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივენ უიტკოფსა და ასევე ჯარეტ კუშნერს, რომლებიც „ჰამასსა” და ისრაელს შორის მიმდინარე რამდენიმედღიან  მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend