„ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდა“, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს, ეგვიპტეში გამგზავრებამდე მედიასთან გააკეთა.
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შემდეგ, ოფიციალური შეხვედრები გრძელდება.
დონალდ ტრამპის თქმით, ეს მოვლენა შესაძლებლობაა ისრაელისა და არაბული სახელმწიფოებისთვის, ურთიერთობების გადასატვირთად და რეგიონში მტკიცე, გრძელვადიანი მშვიდობა დასამყარებლად.
„ბევრ მეგობარს ვნახავ. განსაკუთრებული შეხვედრა იქნება. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა აღფრთოვანებულია. გუშინ და დღეს ისრაელში 500 000 ადამიანი შეიკრიბა. არაბული და ისლამური ქვეყნებიც მიესალმებიან ამ შეთანხმების მიღწევას. ყველა ერთიანია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ისრაელსა და ისლამურ ქვეყნებს ძირითადად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ საოცარი შეხვედრა იქნება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას არაბული და ისლამური სახელმწიფოების ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ვაშინგტონში მოლოდინი აქვთ, რომ რეგიონის ძლიერი სახელმწიფოები ღაზის სექტორის აღდგენითაც იქნებიან დაინტერესებული და მის განვითარებაზე იზრუნებენ. თუმცა დონალდ ტრამპის თქმით, ამ საქმეს წლები დასჭირდება.
ისრაელი და „ჰამასი“ ტრამპის გეგმის ჯერ მხოლოდ პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ. ის, თუ რამდენად შეასრულებენ მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს სრულად, განსაზღვრავს იმასაც, რამდენად შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუ შეთანხმება დაირღვევა, სამხედრო ოპერაცია კვლავ გაგრძელდება, მისივე სიტყვებით, „საქმის ბოლომდე მისაყვანად“.
