ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა დაამტკიცა.
გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას.
ისრაელში იმყოფება ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფიც, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მოვლენების ასეთ განვითარებამდე მივედით. ეს ორი წელი ჩვენი მიზნების მისაღწევად ვიბრძოდით და ერთ-ერთი მათგანი მძევლების, ცოცხლებისა და გარდაცვლილების დაბრუნება იყო. ამ მიზანს მივაღწევთ. პრეზიდენტ ტრამპის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იყო. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ჩვენს გუნდთან ერთად. ვფიქრობ, ჩვენი იმ ჯარისკაცების გამბედაობამ, რომლებმაც „ჰამასზე“ სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლა გააძლიერეს, „ჰამასი“ იზოლაციაში მოაქცია. სტივ, ჯარედ, მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა. იმ ოჯახების საკეთილდღეოდ, რომლებიც საბოლოოდ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს. მინდა, მათი და ისრაელის ხალხის სახელითაც გადაგიხადოთ მადლობა“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მინისტრთა კაბინეტის მიერ გეგმის დამტკიცებამდე, ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები გრძელდებოდა. ისმოდა აფეთქებების ხმაც.
პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის ცნობით, ქალაქ ღაზაში, შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
მოვლენებს გამოეხმაურა „ჰამასის“ ლიდერი, ხალილ ალ-ჰაიაც. მისი თქმით, ვაშინგტონიდან მიიღეს გარანტიები, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება.
„აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის განხილვის შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და ვაცნობეთ მხარეებს პასუხი, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩვენი ხალხის ინტერესებს და გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს. ეს იყო ჩვენს ხედვა ომის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მომლაპარაკებლები, პასუხისმგებლობით გამსჭვალული, ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრნენ. სწორედ ამან მოგვცა ჩვენ და წინააღმდეგობის მოძრაობას საშუალება, ერთად გვემუშავა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რომელსაც ჩვენს ხალხს, გმირებს წარვუდგენთ. ვაცხადებთ, რომ შეთანხმება შედგა. დასრულდება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი და ცეცხლი სრულად შეწყდება. ეს გულისხმობს საოკუპაციო ძალების გაყვანას, დახმარების შემოსვლას, რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით და პატიმრების გაცვლას. შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდება 250 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის ის პირები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ასევე გათავისუფლდება ღაზის სექტორიდან 1700 პატიმარი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს“, – აცხადებს ღაზაში „ჰამასის“ ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდასაჭერად, ისრაელში 200-ს ჯარისკაცს გაგზავნიან.
