იაპონიაში, კანსაის რეგიონში მდებარე ქალაქ ოსაკაში გამართული ტექნოლოგიური გამოფენის Expo 2025-ის ფარგლებში ექსპერტებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ უწყობს ხელს განათლებასა და მშვიდობას ხელოვნური ინტელექტი, შემოქმედებითი წვა და თავისუფალი აზროვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი „სწავლისა და თამაშის კვირეულის ფარგლებში“ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედების ნიჭი ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით და როგორი იქნება სწავლის მეთოდიკა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სამყაროში.
მედიახელოვანმა იოიჩი ოჩიაიმ რომელმაც სარკეებით შექმნა საოცარი პავილიონი Null²-ი, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს, შეცვალოს განათლება და სწავლების ახალი მეთოდი დანერგოს.
„როდესაც რაღაცა ახალი გინდა ისწავლო და ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს მიმართავ, შესაძლოა, მცდარი ინფორმაცია მიიღო და დაიმახსოვრო,“ -ამბობს ტარინ კლანუვატი, კომპანია SAKANA AI-ის მეცნიერი და მკვლევარი. „იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად ფანტაზიორობს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი ნორმალურია, საშუალო დონისაა, მაგრამ ადამიანებს ისეთი შემოქმედებითი ნიჭი გვაქვს, რომელშიც, ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვერ გვაჯობებს“.
მუსიკოსი, მათემატიკოსი და ე.წ. STEAM განათლების მოდელის ექსპერტი საჩიკო ნაკაჯიმა ავტორია ნამუშევრისა „სიცოცხლის მოედანი: მედუზის პავილიონი“. იქ მისული სტუმრები, როგორც ავტორი ამბობს, ეზიარებიან სიხარულსა და შემოქმედებას – იმ თვისებებს, რომლებსაც, მისი ღრმა რწმენით, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს.
„სულაც არ მეშინია, რადგან ხელოვნური ინტელექტი მეგობრად მიმაჩნია,“ – განმარტავს ნაკაჯიმა საჩიკო. „როდესაც შენგან განსხვავებულ ადამიანს ხვდები, ეს საინტერესოა და ახალ იდეებს გაწვდის. ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთი ახალი ქმნილებაა. ამიტომ ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“.
გამოფენის ცენტრალური ნაწილი თანასწორობის იდეას დაეთმო, რომელიც მრავალფეროვნების შინაგან ძალას აღიარებს.
„თითოეული ადამიანი განსხვავებულია და გვჯერა, რომ ყველა უმცირესობაშია – ამიტომ ყველას გარკვეული უნიკალური თვისებები გვახასიათებს. ჩვენ გვინდა თითოეული ადამიანის განსხვავებული თვისებები დავაფასოთ“, -ამბობს საჩიკო.
შემოქმედება და ხელოვნება შესაძლოა იყოს ის მძლავრი იარაღი, რომელიც ამ გახლეჩილ სამყაროში ადამიანებს გააერთიანებს. ჩილელი კინორეჟისორი მაიტ ალბერდი იმ სტუმრების რიცხვში იყო, რომლებიც მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა გაიდოს ხიდი გახლეჩილ საზოგადოებაში – იგი ამბობს, რომ კინოს ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია.
„ჩემი აზრით, ადამიანური გრძნობებისა და ამბების გადმოცემით, და კინო სწორედ ესაა, უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ცრუ წარმოდგენები,“ – განმარტავს მაიტ ალბერდი. „მოხუცებზე არასწორად მსჯელობენ. ბოლო ორი ფილმი სწორედ ხანდაზმულებზე გადავიღე, თუმცა კიდევ 100 ფილმის გადაღება შეიძლება მათზე და ასივე განსხვავებული ამბავი იქნება“.
უსაფუძვლო ეჭვი და გაუცნობიერებელი, მიკერძოებული აზროვნება ის საკითხებია, რომლებიც „მშვიდობის, ადამიანის უსაფრთხოებისა და ღირსების კვირეულის“ მთავარ თემებს შორის მოხვდა.
„მიკერძოება და უსაფუძვლო ეჭვი კონფლიქტის ჩუმი მდგენელებია“ – ამბობს იძუმი ნაკამიცუ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და უმაღლესი წარმომადგენელი განიარაღების საკითხებში. „თუ ეს საკითხები არ გაირკვა, უამრავი იმედგაცრუება, სირთულე და უსამართლობა დაისადგურებს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. და ეს ყველაფერი ხდება კონფლიქტის მთავარი მიზეზი დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ამ დისკუსიაში არიან ჩართული. სწორედ მათ უნდა გადაიბარონ დღევანდელი მსოფლიო. უფრო მეტიც, სწორედ ახალგაზრდებს მოუწევთ მომავალში მშვიდობაზე ზრუნვა“.
6 აგვისტოს -ჰიროსიმის მშვიდობის ხსოვნის დღეს – იაპონელმა ბავშვებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბავშვებთან ერთად წარადგინეს სამშვიდობო დეკლარაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ EXPO 2025-ის მთავარ გზავნილს – ტოლერანტობას – მომავალი თაობაც იზიარებს.
ავტორი: ანდრეა ბოლითო